ცესკოში კომისიების 193 წევრის შესარჩევი კონკურსი მიმდინარეობს
ცესკოში საოლქო საარჩევნო კომისიების 193 წევრის შესარჩევი კონკურსი მიმდინარეობს, – ამის შესახებ „კვირას“ ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან აცნობეს.
როგორც ცესკოში განმარტავენ, დაინტერესებულ დამკვირვებელ ორგანიზაციებს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების არჩევის პროცესზე დაკვირვების შესაძლებლობა ეძლევათ.
ეს გადაწყვეტილება, ღიაობისა და გამჭვირვალობის პრინციპებიდან გამომდინარე, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) 4 იანვრის სხდომაზე მიიღო.
ვაკანტურ ადგილებზე 771 განაცხადია შესული.
ვინაიდან, საარჩევნო კანონმდებლობა მკაფიოდ არ განსაზღვრავს სამოქალაქო სექტორის მიერ არჩევის პროცედურებზე დაკვირვებას, ცესკომ მიიღო დადგენილება, რომელიც აღნიშნულ საკითხს არეგულირებს. ორგანიზაციები, რომლებსაც არჩევის პროცესზე დაკვირვების სურვილი აქვთ, უნდა იყვნენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები, რომლებსაც ამ კონკურსის გამოცხადებამდე ჩატარებულ ბოლო საერთო არჩევნებზე (გარდა რიგგარეშე არჩევნებისა) დაკვირვების გამოცდილება გააჩნიათ.
დაკვირვების მიზნით, უფლებამოსილმა ორგანიზაციებმა საკონკურსო კომისიის სამდივნოს 18 იანვრის 18:00 საათამდე წერილობით უნდა მიმართონ.
კონკურსში მონაწილე პირების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ცესკოს ვებგვერდზე:
http://www.cesko.ge/uploads/other/32/32296.pdf http://www.cesko.ge/uploads/other/32/32297.pdf
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ცენტრალური საარჩევნო კომისია კვლავაც გააგრძელებს საზოგადოების ინფორმირებას საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების არჩევის მიმდინარეობის შესახებ და მიმართავს ყველა დაინტერესებულ მხარეს, ხელი შეუწყონ საარჩევნო ადმინისტრაციას პროცესების კანონშესაბამისად წარმართვაში.