“ჩემი სახლის” აღსაზრდელებმა საახალწლო ღონისძიება გამართეს (ფოტოკოლაჟი)
მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლში „ჩემი სახლი“ საახალწლო ღონისძიება გაიმართა, რომელსაც, “ჩემი სახლის” მეგობრებისა და მიწვეული სტუმრების გარდა, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი ესწრებოდა.
როგორც “ჩემი სახლის” დამფუძნებელმა, ნინელი ჭანკვეტაძემ “კვირას” განუცხადა, ბავშვების მონაწილეობით დადგმული სპექტაკლის ინიციატორები და ორგანიზატორები ამავე სახლის აღმზრდელები იყვნენ.
ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთები სიმბოლურ ფასად, ხუთ ლარად გაიყიდა.
“ყველა ოჯახს უყვარს თავისი საშობაო-ახალი წლის წარმოდგენები და ჩვენი დღევანდელი ღონისძიებაც ამ ტიპისაა. დღევანდელ ღონისძიებას ჩვენმა აღმზრდელებმა გაუწიეს ორგანიზება. ჩვენ შეგვეძლო, მოგვეწვია რეჟისორი დღევანდელი წარმოდგენისთვის, თუმცა, ამას ავცდით, არც ჩვენი ბავშვები არიან ამისთვის მზად, ამიტომ გადავწყვიტეთ, ჩვენი ძალებით დაგვედგა ასეთი საშობაო წარმოდგენა, მოგვეწვია სტუმრები, სიმბოლურად გაგვეყიდა ბილეთები. ამით ბავშვები დავაინტერესეთ, ეს თანხა მათია და სურვილისამებრ გამოიყენებენ. ჩვენ ბევრი მოხალისე გვეხმარება. მოდიან ადამიანები და სრულიად უსასყიდლოდ ასწავლიან ბავშვებს მათემატიკას, ქართულ ენასა და ლიტერატურას, ინგლისურს, ხელოვნებას და სხვა საგნებს. ერთ-ერთი ასეთი მოხალისეა რუსული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ქეთი ცხაკაია, რომელმაც დღევანდელ საღამოს გაუწია ორგანიზება”, – განაცხადა ნინელი ჭანკვეტაძემ.
მისივე თქმით, თამარ ტალიაშვილმა “ჩემი სახლის” აღსაზრდელებს საახალწლო საჩუქრები გადასცა.
“დღეს ბევრი სტუმარი გვყავს, ჩვენი მეგობრები არიან ეს ადამიანები, რომლებიც ყოველთვის გვიჭერენ მხარს და ეწევიან ქველმოქმედებას. დღეს ჩვენი სტუმარი იყო თბილისის საკრებულოდან თამარ ტალიაშვილი, რომელმაც, ფაქტობრივად, ორმაგი სიკეთე გააკეთა. საკრებულოდან გამოიყო თანხა, რომელიც ორგანიზაცია “დავითიანნს” გადასცეს, სადაც შშმ პირები დასაქმდებიან და იმუშავებენ ხეზე, მოგეხსენებათ, ამ ორგანიზაციაში არაჩვეულებრივი ხის სათამაშოები იქმნება. ასევე, ჩვენი აღსაზრდელებიც დაასაჩუქრეს”, – აღნიშნა ნინელი ჭანკვეტაძემ.
მსახიობ ნინელი ჭანკვეტაძის მიერ დაარსებული მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლი “ჩემი სახლი” ამჟამად ოცდაათ სოციალურად დაუცველ ბავშვს ემსახურება. ნინელი ჭანკვეტაძის თქმით, 30 -დან 10 ბავშვი ამ სახლში ცხოვრობს.
“ჩემი სახლის” დღევანდელი ღონისძიების საინფორმაციო მხარდამჭერი იყო პორტალი “კვირა”.