ადვოკატის ცემის ფაქტზე დაკავებული პოლიციელი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, შს სამინისტროს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-5 განყოფილების უფროსს, ლაშა კვირკაიას აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული წინასწარი პატიმრობა 10-ათასლარიანი გირაოთი შეუცვალა.
ბრალდებული პოლიციელი, რომელიც ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის ფაქტზეა დაკავებული, გირაოს გადახდის შედეგად საპატიმროდან გათავისუფლდა.
კვირკაიასთვის აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული პატიმრობის შეცვლას შეეწინააღმდეგა პროკურატურა, თუმცა მოსამართლე ბადრი შონიამ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
კომენტარი სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებაზე გააკეთა დაზარალებულის ადვოკატმა გიორგი მდინარაძემ, რომელიც იმედოვნებს, რომ ბრალდებული დროებით იმყოფება თავისუფლებაში.
თავად დაზარალებული გიორგი მდინარაძე აცხადებს, რომ იგი ელოდება სასამართლოს ობიექტურ განაჩენს, რომლის მიხედვითაც, კვირკაიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგება.
რაც შეეხება ბრალდებულ ლაშა კვირკაიას, მან აღნიშნა, რომ მოსამართლის დღევანდელი გადაწყვეტილებით დამტკიცდა, რომ სასამართლო მიუკერძოებელია.
მისი ადვოკატის, ზურაბ ბელთაძის თქმით კი, გირაოს შეფარდების საფუძვლად დაცვის მხარემ დაასახელა ის გარემოება, რომ აღარ არსებობს მტკიცებულებათა განადგურებისა და მოწმეებზე ზეგავლენის საფრთხე, რადგანაც გამოძიება უკვე დასრულებულია და მტკიცებულებები – გაცვლილი.
აღნიშნულ ფაქტზე ბრალდებული შს სამინისტროს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-5 განყოფილების უფროსი ლაშა კვირკაია დაახლოებით ერთი თვის წინ დააკავეს.
მომხდართან დაკავშირებით პროკურატურამ ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო.
ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის საქმეზე არსებითი განხილვა 2015 წლის 11 იანვარს დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები