N 12 პენიტენციურ დაწესებულებას თამარ ჭოხონელიძე ესტუმრა
ნახევრად ღია და დახურული ტიპის N12 პენიტენციურ დაწესებულებას მომღერალი თამარ ჭოხონელიძე და მუსიკოსი მაია ჯამანაშვილი ესტუმრნენ და ახალი წელი მიულოცეს.
სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, მომღერალმა საკუთარი რეპერტუარიდან ცნობილი სიმღერები შეასრულა, მსჯავრდებულებთან თავისი მოღვაწეობისა და შემოქმედებითი ცხოვრების სხვადასხვა ეპიზოდი გაიხსენა.
შეხვედრაზე თამარ ჭოხონელიძემ მსჯავრდებულებს თავისი სიმღერების ალბომი და მის მიერ დაწერილი ღვთისმშობლის ხატი გადასცა.
თამარ ჭოხონელიძემ და მაია ჯამანაშვილმა N12 პენიტენციური დაწესებულების წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაც დაათვალიერეს და მსჯავრდებულებთან ერთად საგალობელი შეასრულეს.
„ჩვენ – ყველას ჩვენი ცოდვები გვაქვს, რომელზეც პასუხი სხვადასხვა სახით უნდა ვაგოთ. ყველაზე ძალიან დამამშვიდა იმან, რომ აქ არის ტაძარი, რომელსაც მსჯავრდებულები უვლიან და ლოცულობენ. დარწმუნებული ვარ, როდესაც ისინი აქედან გამოვლენ, სრულიად სხვა ადამიანები იქნებიან. ბედნიერი ვიქნები, თუ ცოტათი მაინც შევუმსუბუქე მათ დღევანდელი დღის პატარა მონაკვეთი. ვხედავ, რომ სხვა დრო დადგა და სრულიად სხვა დამოკიდებულებაა პატიმრების მიმართ. მადლობა დირექციას და თითოეულ თანამშრომელს. სიყვარულით სავსე მივდივარ“, – განაცხადა თამარ ჭოხონელიძემ.
მსჯავრდებულებმა თამარ ჭოხონელიძეს საახალწლო საჩუქრად მათ მიერ დაწერილი ხატი და საეკლესიო ნივთები გადასცეს.
ღონისძიება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინიციატივით წინასაახალწლოდ გაიმართა.