გიორგი კვირიკაშვილი კერძო დასახლებებში მაღალსართულიანი შენობების აშენებას უარყოფითად აფასებს

მშენებლობის სექტორში არის აბსოლუტურად ქაოსური მდგომარეობა გენგეგმების არარსებობის, კოეფიციენტების, ზონალური დაგეგმარების კუთხით, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ამ პროექტს უახლოეს დღეებში ჯერ მთავრობის სხდომაზე განიხილავენ და შემდეგ წარუდგენენ პარლამენტს.
“რაც შეეხება თბილისს, გეთანხმებით, საკმაოდ მძიმე სურათი გვაქვს. მშენებლობის სექტორში არის აბსოლუტურად ქაოსური მდგომარეობა გენგეგმების არარსებობის, კოეფიციენტების, ზონალური დაგეგმარების კუთხით. სწორედ ამიტომ შევიმუშავეთ სივრცითი დაგეგმარების და მშენებლობის ახალი კოდექსი, რომელსაც უახლოეს დღეებში, მთავრობაზე გავლის შემდეგ წარმოგიდგენთ პარლამენტს, რათა უმოკლეს ვადებში იქნას მიღებული”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მიიჩნევს, რომ აბსოლუტურად გაუგებარი, მაღალსართულიანი შენობები არ უნდა ჩნდებოდეს კერძო დასახლებებში.
“ეს არის საშინელი დარღვევა იმ ადამიანების უფლებების, რომლებმაც შეიძინეს კერძო სახლები და ერთ მშვენიერ დილას შეიძლება აღმოჩნდნენ მრავალსართულიანი კორპუსის ძირში”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
ძველ თბილისთან დაკავშირებით პრემიერობის კანდიდატი თვლის, რომ უფლება არ გვაქვს, მომავალ თაობებს არ შემოვუნახოთ ძველი თბილისი იმ სახით, როგორც წინაპრებმა გადმოგვცეს.
“აქ საუბარი იყო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე. ძველი თბილისი არის უმნიშვნელოვანესი ამ თვალსაზრისით და ჩვენ არ გვაქვს მორალური უფლება, მომავლ თაობებს არ შემოვუნახოთ იგი იმ სახით, რა სახითაც ჩვენმა წინაპრებმა გადმოგვცეს. მე გპირდებით, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობ ამ საკითხს”, -განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები