თანამედროვე ქართული დამწერლობის განვითარებისთვის სპეციალური პროგრამა შეიქმნა
თანამედროვე ქართული დამწერლობის განვითარებისთვის სპეციალური პროგრამა შეიქმნა, რომელიც მიზნად ქართული თანამედროვე ტიპოგრაფიკის ჩამოყალიბებას, მის განვითარებასა და რეგულაციას ისახავს. ქართული მწერლობისა და შრიფტოგრაფიის ხელშეწყობასა და პოპულარიზაციაზე „კვირას“ კულტურის ყოფილი მინისტრი გურამ ოდიშარია ესაუბრა.
– ქართული დამწერლობა, რა თქმა უნდა, უნიკალურია. მსოფლიოში, კაცობრიობის არსებობის ისტორიაში 14 დამწერლობა არსებობს. არის დამწერლობები, რომლითაც დღეს არავინ წერს, არავინ გამოიყენებს. ჩვენი დამწერლობა უნიკალურია იმითაც, რომ გვაქვს სამი მოქმედი შრიფტი. მოხდა ისე, რომ ამ საგანძურის მფლობელები ვართ და, სამწუხაროდ, ვერ გავაცანით ძალიან ბევრ ადამიანს, ამისათვის საჭიროა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა.
კულტურის მინისტრი ვიყავი და ვიცი, სად როგორი ყურადღება მიექცევა არამატერიალურ ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობას მსოფლიოში. ის, რაც არის წარმოდგენილი დღეს, კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონედ, ეს არის მიღწევა არა მარტო იმ ხალხისთვის, სადაც შეიქმნა, არამედ მთელი პლანეტის მიღწევაა, საკაცობრიო მიღწევაა და ქართული დამწერლობა აუცილებლად უნდა გავხადოთ პლანეტარული. მაგალითად, ჩვენი მეზობლები – უძველესი დამწერლობა აქვთ სომხებს და ძალიან კარგად მუშაობენ ამ მიმართულებით. ხშირად აწყობენ კონფერენციებს, სადაც მსოფლიო დონის მეცნიერებს იწვევენ. შემდეგ თვითონაც აქვთ გასვლითი კონფერენციები როგორც ევროპაში, ასევე აზიურ ქვეყნებში და ყველას აცნობენ, რომ არსებობს ასეთი დამწერლობა. ასევე, აუცილებელია, რომ ჩვენც მეტი ყურადღება მივაქციოთ. გვყავს ძალიან კარგი სპეციალისტები.
ცოტა ხნის წინ ძალიან მაღალი რანგის ოსტატების გამოფენა გაიმართა სახელწოდებით – „ქართული დამწერლობის შრიფტები“. ზოგიერთი მათგანი მთელი ცხოვრების განმავლობაში მუშაობს ამ შრიფტებზე. ჩვენ გვინდა, კომპიუტერსა და ტელეფონში არსებული ქართული შრიფტები იყოს კარგი. ეს არ შეიძლება მარტივი იყოს და ქართველი ადამიანი, თუნდაც ბავშვი უცხოური შრიფტით გზავნილებს წერდეს. როცა მას აქვს ერთ-ერთი უნიკალური დამწერლობათაგანი, ამაზე მეტი საამაყო რა უნდა იყოს? მას მეტი უნდა გავაგებინოთ, მეტი ინფორმაცია უნდა გავცეთ, დიდი სამუშაოებია ჩასატარებელი…
– რას გულისხმობს ეს პროექტი და რა ეტაპზეა…
– ჯერ პროექტი პირველ ნაბიჯებს დგამს. თუმცა „ქართული შრიფტი“ – ასეთი ორგანიზაცია, გაერთიანება არსებობს და მათ უკვე არაერთი გამოფენა მოაწყეს. ჩვენ ვფიქრობთ მასშტაბების გაზრდაზე… გამოფენები, – ეს ჯერ საწყისი ეტაპია. ვფიქრობთ, იმაზე უფრო მეტად როგორ გავაცნოთ თუნდაც ჩვენს ხალხსაც… ეს პროცესი დიდი ხანია დაწყებულია, პაატა ნაცვლიშვილმა ამაზე ბევრი იმუშავა და უამრავი ლიტერატურაც აქვს. თავადაც რამდენიმე შრიფტის ავტორია, მაშინ, როდესაც „სამშობლოს“ რედაქტორი იყო. საბოლოოდ, ალბათ საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარვუდგენთ ჩვენს ნააზრევს, კონცეფციას – როგორ მოვახდინოთ ჩვენი შრიფტის პოპულარიზაცია შინ და გარეთ. ვფიქრობ, 2016 წელი ძალიან დიდი წინსვლის იქნება. ძალიან ბევრია ამის სპეციალისტი, შევიკრიბებით და დავგეგმავთ სწორ ნაბიჯებს…
– ქართული დამწერლობისთვის ასეთი პროექტის განხორციელება სამომავლოდ კიდევ რას შეუწყობს ხელს?
– რა თქმა უნდა, უპირველესად, იმისთვის არის საჭირო, რომ – შრიფტი ეს არის ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც უნდა განვითარდეს. სიახლეები შემოდის, რომელიც ვახსენეთ, მობილური ტელეფონი იქნება თუ კომპიუტერი, სადაც ძალიან ღირსეულად, დახვეწილად უნდა იყოს წარმოდგენილი ქართული შრიფტი. მეორე ის, რომ უნიკალური ქვეყანა ვართ, შრიფტის ავტორი, ამიტომ ეს საქართველოს ცნობადობას მსოფლიოში კიდევ უფრო გაზრდის. მაგალითად, ფრანკფურტში 2018 წელს გაიმართება წიგნის ბაზრობის ფესტივალი, სადაც 5 მილიონამდე ადამიანი მოდის მსოფლიოს ყველა კუთხიდან.
ჩემი მინისტრობის დროს 2014 წელს ბერლინში მოვაწერე ხელი ამ დოკუმენტს, ეს იქნება ქართული წიგნის დიდი ფესტივალი, რომელიც ძალიან ზრდის საქართველოს ცნობადობას. შევხვედრივარ იმ ქვეყნების ხელმძღვანელებს, რომლებმაც ჩაატარეს ასეთი ფესტივალი ფრანკფურტში და მერე მათი ქვეყნის ძალიან დიდი პოპულარიზაცია მოხდა. ტურიზმი გაიზარდა, ინვესტორი უფრო შევიდა და ამ ყველაფერმა ქვეყანა კიდევ უფრო გააძლიერა. ფესტივალზე წარვდგებით, როგორც შესანიშნავი წიგნების ქვეყანა, იმიტომ რომ ერთ-ერთი პირველი მწერალი და წიგნის შემქმნელი ერი ვართ. ბევრს არ გაუგია, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი შრიფტები. იციან, მაგალითად, ჩვენი მწერლობა, შედევრები, მაგრამ ეს არის ისეთი ინფორმაცია, რაც, სამწუხაროდ, ბევრმა არ იცის. თვითონ შიგნითაც არ ვიცით, რა განძის მფლობელნი ვართ. ასე, რომ ცნობადობას ზრდის შრიფტი, როგორც ცოცხალი ორგანიზმი, განაგრძობს განვითარებას… ჩემს დროს დავიწყეთ ამაზე მუშაობა. ნელ-ნელა ნაბიჯ-ნაბიჯ, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო და კულტურის სამინისტრო მუშაობს, რომ ქართული შრიფტები და დამწერლობა იუნესკოს მფარველობის ქვეშ მოხვდეს…
ნინო ჯაჯანიძე