თინათინ ხიდაშელი: საარჩევნო ხმის უფლება ყველა სამხედრო მოსამსახურეს უნდა ჰქონდეს
საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი თინათინ ხიდაშელი მიიჩნევს, რომ სამხედრო მოსამსახურეებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ უნდა შეეზღუდოთ და საარჩევნო რეფორმის შედეგად კანონით მინიჭებული უფლება მათ სამხედრო უბნის მიღმა მაინც უნდა განახორციელონ.
„საერთოდ არ ვიზიარებ, ვემიჯნები და აბსურდი მგონია ის საუბარი, რაც გვესმოდა ბოლო თვეების განმავლობაში, რომ თურმე სამხედროებს არ უნდა ჰქონდეთ ხმის უფლება. რა თქმა უნდა, ყველას ექნება ხმის უფლება. ჩვენ, შეიძლება, ძალიან მცირე კონტინგენტი დაგვრჩეს, რომელსაც, უბრალოდ, ვერ გავუშვებთ სახლში. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მათ სამხედრო უბნის ტერიტორიაზე არ მისცენ ხმა, მაგრამ ხმის მიცემის უფლება ჰქონდეთ უახლოეს უბანში, სოფელში და ა.შ“,- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატების მიერ დასმული კითხვების პასუხად.