“ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა კონკრეტულ ფაქტსა თუ მოვლენას არ უკავშირდება“

სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა კონკრეტულ ფაქტსა თუ მოვლენას არ უკავშირდება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილს ურჩევს, ახალი წელი რაც შეიძლება ხანგრძლივად იზეიმოს და საკუთარი მომავალი ამის შემდეგ დაგეგმოს.
“პოლიტიკაში მითქმა-მოთქმა გარდაუვალია, თუმცა, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა კონკრეტულ ფაქტსა თუ მოვლენას არ უკავშირდება. ამ მხრივ მხოლოდ ორი ფაქტორია მნიშვნელოვანი – პარლამენტმა ბიუჯეტი მიიღო, შესაბამისად, მომავალი წლის სამოქმედო გეგმა მზად არის; მეორე კი გახლავთ ვიზალიბერალიზაციის საკითხი. არ იქნებოდა სწორი, ირაკლი ევროკომისიის დასკვნის გამოქვეყნებამდე გადამდგარიყო.
რაც შეეხება ლევან ბერძენიშვილის განცხადებას, ბედნიერი ვიქნებოდი, საქართველოში სიის პირველი ნომრის შერჩევა 6-7 თვით ადრე შეგვეძლოს. დანარჩენი კი მხოლოდ ჟურნალისტის კონკრეტული კითხვის პასუხი გახლდათ. ირაკლი ორი წლის განმავლობაში და მინისტრობის დროსაც დატვირთული რეჟიმით მუშაობდა. მე ვურჩევდი ღარიბაშვილს, ახალი წელი რაც შეიძლება ხანგრძლივად იზეიმოს და საკუთარი მომავალი ამის შემდეგ დაგეგმოს“,-აცხადებს დავით უსუფაშვილი.
მისივე თქმით, მთავრობის ახალმა ლიდერმა საზოგადოებას, უპირველესად, უკეთესი მომავლის იმედი უნდა მისცეს.
„ვისურვებდი, მომავალმა პრემიერმა პარლამენტთან ურთიერთობისთვის მეტი დრო გამონახოს – აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას შორის ურთიერთობის გაღრმავება აუცილებელია. იმედი მაქვს, გიორგი კვირიკაშვილი ამ ნაბიჯს გადმოდგამს და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვას პარლამენტის ტრიბუნაზე ერთად შევძლებთ“,- აღნიშნავს პარლამენტის თავმჯდომარე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები