“ინფორმირებული ვიყავი და მხარს ვუჭერდი, როგორც ბატონი ირაკლის გადაწყვეტილებას, ისე ბატონი კვირიკაშვილის კანდიდატურას”
მე ინფორმირებული ვიყავი და მხარს ვუჭერდი, როგორც ბატონი ირაკლის გადაწყვეტილებას, ისე ბატონი კვირიკაშვილის კანდიდატურას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა.
პრეზიდენტის შეფასებით, აღმასრულებელ ხელისუფლებაში განხორციელებული ცვლილებები კარგია და სასარგებლო იქნება სახელმწიფოსთვის.
“ვფიქრობ, ეს არის კარგი გადაწყვეტილება, რომელიც სასარგებლო იქნება სახელმწიფოსთვის. ამასთან ერთად, პერიოდი, როდესაც ეს ყველაფერი გაკეთდა, გარკვეულწილად ითხოვს სწრაფ ქმედებას – საჭიროა, რომ სწრაფ პერიოდში, ახალ წლამდე დაკომპლექტდეს მთავრობა და საქართველოს ჰყავდეს მოქმედი მთავრობა და არა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლები. ამის შემდგომ უკვე შესაძლებელი იქნება, რომ პოლიტიკურმა გუნდმა და მომავალმა პრემიერ-მინისტრმა მიიღონ თავიანთი გადაწყვეტილებები”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.