დავით ნარმანიამ ოჯახთან ერთად საახალწლო ქალაქი დაათვალიერა (ფოტოკოლაჟი)
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, ოჯახთან ერთად, ვარდების მოედანზე საახალწლო ქალაქი დაათვალიერა. ჯადოსნური ქალაქის სტუმრებს საშუალება აქვთ საგანგებოდ მოწყობილ და მორთულ სახლებში დააგემოვნონ გლინტვეინი, კრეპები, ორცხობილები, „ბელგიური ვაფლი“ და სხვა საახალწლო ნუგბარი; შეიძინონ სუვენირები, ნაძვის ხის სათამაშოები და ხელნაკეთი ნივთები.
საახალწლო ქალაქში, ყოველდღიურად სხვადასხვა ჟანრის კონცერტები და DJ-ების ფესტივალი გაიმართება. მოძრაობისა და პანტომიმის თეატრის მსახიობები კი ადგილზე პერფორმანსებს, მსვლელობებსა და კარნავალებს მოაწყობენ.
თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, მაქსიმალურად ყველაფერი გაკეთდა, რათა 2016 წლისთვის მოწყობილი ღონისძიებები ყველა ასაკისა და თაობის ადამიანზე მორგებული ყოფილიყო.
„ყველაფერი ძალიან ლამაზად გაკეთდა, ქალაქი მოირთო. პროგრამა საკმაოდ დატვირთულია. მთელი 10 დღის განმავლობაში იქნება კონცერტები, სხვადასხვა სპორტული თამაშობები და გასართობი ღონისძიებები. საახალწლო ქალაქი მოეწყო ისე, როგორც ეს ევროპის ძალიან ბევრ მოწინავე და თანამედროვე ქალაქშია. ასევე ვეცადეთ, გაგვეკეთებინა და შეგვეტანა მნიშვნელოვანი სიახლეები, რაც ადრე არ კეთდებოდა“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.
გარდა კულტურული ღონისძიებისა, საახალწლო ქალაქი დატვირთული იქნება სპორტული და საბავშვო ატივობებით.
ქალაქში დამონტაჟებულ ყინულის მოედანზე ყოველდღიურად გაიმართება მოციგურავეების შოუები და სპორტული შეჯიბრებები. მსურველებს საშუალება ექნებათ თვალყური ადევნონ ქუჩის კალათბურთის მატჩებს, სხვადასხვა შოუებს ბატუტზე და პარკურს. ქალაქის მცირეწლოვანი სტუმრებისთვის კონცერტებს „ბასტი-ბუბუსა“ და „ბზიკების“ სტუდიის ბავშვები გამართავენ.
მოეწყობა თოჯინური თეატრების წარმოდგენები და ფოტო გადაღების კუთხეები. ბავშვების განწყობაზე სხვადასხვა ზღაპრის გმირები იზრუნებენ. საახალწლო ქალაქში დროში მოგზაური სანტა იცხოვრებს.
მოეწყობა პლანეტარიუმი, სადაც პატარა გამომგონებლების ნამუშევრები გამოიფინება. საახალწლო ღონისძიებები თბილისში 25 დეკემბრიდან დაიწყება და 3 იანვრამდე გასტანს.