IDFI: იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები წელს, კვარტალში ერთხელ, 5000 ლარის ოდენობის პრემიას იღებდნენ
„2015 წელს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები კვარტალში ერთხელ თანამდებობრივი სარგოს 5000 ლარის ოდენობის პრემიას ღებულობდნენ“, – ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აქვეყნებს.
ორგანიზაციის კვლევის შედეგად გამოქვეყნებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ იუსტიციის საბჭოს ყველა წევრს აგვისტოს თვეში დამატებით მიღებული აქვთ 2500 ლარის, ხოლო ნოემბრის თვეში 1000 ლარის ოდენობის პრემია. შესაბამისად, 2015 წლის (იანვარი-ნოემბრის) შრომის ანაზღაურებამ შეადგინა 73 500 ლარი, საიდანაც თანამდებობრივი სარგო შეადგენს 55 000 ლარს, ხოლო პრემია 18 500 ლარს.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ წევრების თანამდებობრივი სარგო, რომლებიც არჩეულნი არიან საქართველო პარლამენტის მიერ, ან რომელიც დანიშნულია საქართველოს პრეზიდენტის მიერ, უტოლდება სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობრივ სარგოს.
სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, შესაბამისად, იუსტიციის საბჭოს ხსენებული წევრების ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო 2014 წლის პირველი იანვრიდან, შეადგენს 5000 ლარს. 2014 წლის პირველ იანვრამდე აღნიშნული ანაზღაურება 2 500 ლარს შეადგენდა.
IDFI შეეცადა გამოერკვია, რამდენად უზრუნველყო 2014 წლის პირველი იანვრიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისათვის (რომლებიც არჩეულია საქართველო პარლამენტის მიერ ან დანიშნულია საქართველოს პრეზიდენტის მიერ) ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს გაორმაგებამ სახელფასო სისტემის დარეგულირება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. გარდა ამისა, ორგანიზაციამ კვლევის დროს იუსტიციის საბჭოს წევრების ქონებრივი დეკლარაციაც შეისწავლა. დოკუმენტის მიხედვით, 2014 წელსაც აქტიურად გაიცემოდა აღნიშნულ პირებზე პრემიები.
კერძოდ, 2014 წელს თითოეულ წევრს მიღებული აქვს დაახლოებით 90 000 ლარის ოდენობის შრომის ანაზღაურება, საიდანაც თანამდებობრივი სარგო შეადგენს 60 000 ლარს, ხოლო დანარჩენი – პრემიას.
მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ 2014 წლის პირველი იანვრიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების (რომლებიც არჩეულია საქართველო პარლამენტის მიერ ან დანიშნულია საქართველოს პრეზიდენტის მიერ) ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოები გაორმაგდა, ზემოთ წარმოდგენილი მონაცემები ნათლად აჩვენებს, რომ აღნიშნულმა ვერ დაარეგულირა საბჭოს არამოსამართლე წევრების პრემირების პრაქტიკა.
რაც შეეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებს, მათთვის იუსტიციის საბჭოში საქმიანობისათვის გათვალისწინებულია ყოველთვიური დანამატი 700 ლარის ოდენობით, – ნათქვამია ორგანიზაცია IDFI- ს მიერ კვლევის დოკუმენტში.