მედიის ცნობით, „ისლამურმა სახელმწიფომ“ „ბოევიკებს“ ადამიანის ორგანოების ამოღების უფლება მისცა
ტერორისტულმა დაჯგუფებამ „ისლამურმა სახელმწიფომ“ „ბოევიკებს“დატყვევებულების ორგანოების ამოღების უფლება მისცა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება. დოკუმენტში მითითებულია, რომ „ურჯულოს“ სიცოცხლისა და მისი ორგანოების გამოყენება დაუსჯელად შეიძლება, თუ ამას მუსულმანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია. იგივე ეხება ტყვეების ორგანოების გამოყენებას, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამას ადამიანის გარდაცვალება მოჰყვება.
აშშ-ის ხელისუფლების ინფორმაციით, ეს დოკუმენტი ამერიკელმა სამხედროებმა აღმოსავლეთ სირიაში ჩატარებული რეიდის დროს აღმოაჩინეს. „როიტერის“ ცნობით, დოკუმენტი არ ადასტურებს, რომ „ისლამური სახელმწიფო“ ორგანოებს ჰყიდის, რაშიც ტერორისტებს ერაყის ხელისუფლება ადანაშაულებს. თუმცა ფაქტია, რომ ეს ორგანიზაცია ექსტრემისტებს ამის უფლებას აძლევს.