„ღარიბაშვილის საქმიანობა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი მიღწევების პერიოდად უნდა შეფასდეს“
„ირაკლი ღარიბაშვილის შესაძლო წასვლასთან დაკავშირებით, უმრავლესობის ყველა წევრი ინფორმირებული არ იყო, თუმცა ღარიბაშვილის გადაწყვეტილების შესახებ პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ იცოდა“,-აღნიშნული განცხადება პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „კონსერვატიული პარტიის“ თავმჯდომარემ, ზვიად ძიძიგურმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
ძიძიგურის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ დროებით ტაიმ-აუტს აიღებს. ვიცე-სპიკერის შეფასებით, ღარიბაშვილის საქმიანობა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი მიღწევების პერიოდად უნდა შეფასდეს.
„ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობა უნდა შეფასდეს დადებითად და საქართველოსთვის მნიშვნელოვანი მიღწევების პერიოდად. ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის პერიოდში საქართველომ ძალიან მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია. მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა, ვიზალიბერალიზაციაზე დადებითი დასკვნები, წარმატებული პროექტებია ეკონომიკის მიმართულებით, სოფლის მეურნეობაში, ჯანდაცვაში, განათლებაში, ინფრასტრუქტურაში, რეგიონალური მიმართულებით…
ამიტომ ირაკლის საქმიანობა იყო წარმატებული და გაწეული საქმიანობისათვის მადლობა გადავუხადეთ. მან განაცხადა, რომ ცოტა ხანს ტაიმ-აუტს აიღებს, ირაკლი იყო და რჩება ჩვენი გუნდის წევრად. ძალიან რთულ პერიოდში მოუწია მას საქმიანობა, ეს იყო გარდამავალი პერიოდი. წარმატებით გაართვა თავი, მაგრამ მას ჰქონდა უფლება, ის გადაწყვეტილება მიეღო, რაც მიიღო. ჩვენ პატივს ვცემთ მის გადაწყვეტილებას, თუმცა მე, პირადად, გული მწყდება და მიმაჩნია, რომ ირაკლი ღარიბაშვილს შეეძლო, ეს საარჩევნო წელი ბოლომდე მიეყვანა“,- განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.