თაღლითობისა და ყალბი საკრედიტო ბარათების დამზადება-გამოყენების ფაქტზე ათი პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გაშიფრულია საერთაშორისო თაღლითური სქემა და გახსნილია მასშტაბური ინტერნაციონალური დანაშაული. როგორც “კვირას” საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, თაღლითობისა და ყალბი საკრედიტო ბარათების დამზადება-გამოყენების ფაქტზე დანაშაულებრივი ჯგუფის ათი წევრი დააკავეს.
მათივე ინფორმაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებული პირები უკანონოდ ეუფლებოდნენ ამერიკის, კანადის, ბრაზილიის, მექსიკის, ჰავაის კუნძულების და სამხრეთ კორეის მოქალაქეთა კუთვნილი, მაგნიტურზოლიანი საკრედიტო ბარათის მონაცემებს.
შემდგომში, საქართველოში ამზადებდნენ ყალბ საკრედიტო ბარათებს და სპეციალური ტექნიკური მოწყობილების საშუალებით, მოპოვებული პერსონალური მონაცემები უკანონოდ შეჰყავდათ ყალბი პლასტიკური ბარათების მაგნიტურ ველში.
“ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მომდევნო კანონსაწინააღმდეგო ქმედებას წარმოადგენდა აღნიშნული ყალბი ბარათების მეშვეობით თანხის განაღდება. ბრალდებულები უკავშირდებოდნენ კონკრეტულ მეწარმე სუბიექტებს და განაღდებული თანხის 50%-ის შეთავაზების სანაცვლოდ, სხვადასხვა კომერციული ბანკის POS ტერმინალების გამოყენებით ხდებოდა სოლიდური თანხის განაღდება, რაც ინიღბებოდა თითქოსდა, გარკვეული სავაჭრო შეთანხმებით.
საერთო ჯამში, დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ თაღლითურად დაუფლებული თანხა აღემატება 1 500 000 ლარს, ხოლო კონკრეტულ ადამიანებთან ერთად მნიშვნელოვნად დაზარალდა კომერციული საბანკო სისტემა. დაკავებულთა საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ამოღებულია ყალბი ბარათები, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა საკრედიტო ბარათების პერსონალური მონაცემები, კომპიუტერული ტექნიკა და ბარათების დასამზადებელი სპეციალური მოწყობილობები”,-აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის 2-ე და 3-ე ნაწილით, ასევე 210-ე მუხლის 2-ე ნაწილით, გრძელდება რაც სასჯელის სახით 4-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები