თამარ ხულორდავა პრობაციის სისტემაში სარეაბილიტაციო პროგრამების პროვაიდერ არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ხულორდავა იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც სასჯელაღსრულების სისტემაში სარეაბილიტაციო პროგრამებს ახორციელებენ.
როგორც „კვირას“ სასჯელაღსრულების სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრის მონაწილე ორგანიზაციები პატიმრებსა და პრობაციონერებს ევროკავშირის საგრანტო პროგრამების ფარგლებში სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო პროგრამებს სთავაზობენ, რაც მოიცავს ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციას, პროფესიულ სწავლებას, დასაქმებასა და ხელშეწყობას მცირე გრანტების სახით.
შეხვედრაზე მხარეებმა უკვე განხორციელებული და მიმდინარე პროექტები შეაჯამეს. ასევე იმსჯელეს იმაზე, თუ რა მიმართულებებზე უნდა გაკეთდეს მომავალში აქცენტი.
თამარ ხულორდავამ მსჯავრდებულების რესოციალიზაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
„ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ მათ ჯანსაღ მოქალაქეებად დაბრუნებას საზოგადოებაში და საკუთარი შრომითი პოტენციალის ბოლომდე გამოყენებაში. ჩვენი სამინისტრო მომავალშიც შეუწყობს ხელს ამგვარი პროექტების განხორციელებას. სამინისტრო საკუთარი რესურსითაც აქტიურად იმუშავებს სხვადასხვა ტიპის სარეაბილიტაციო პროგრამების შეთავაზების კუთხით, ამავე დროს, ვიმედოვნებთ დონორი და არასამთავრობო ორგანიზაციები, ისევე როგორც კერძო სექტორი, დაინტერესდება იმ შესაძლებლობებით რასაც ჩვენ ვთავაზობთ მათ და უფრო მეტი დასაქმების შესაძლებლობა შეიქმნება პენიტენციურ სისტემაში“,- განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
თამარ ხულორდავას თქმით, მსჯავრდებულებისა და პრობაციონერების რესოციალიზაცია-რეაბილიტაციისთვის განკუთვნილი პროგრამების შემუშავების პროცესში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო არასამთავრობო ორგანიზაციებთან აქტიურად ითანამშრომლებს.