ნოდარ ხადურმა სტუდენტებს სერტიფიკატები გადასცა

ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ნოდარ ხადურმა სერტიფიკატები გადასცა იმ სტუდენტებს, რომლებმაც ფინანსთა სამინისტროს აკადემიისა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტის „მმართველობა განვითარებისთვის“ ორგანიზებულ ტრენინგში მიიღეს მონაწილეობა.
ნოდარ ხადურმა ახალგაზრდებს ტრენინგის წარმატებით დასრულება მიულოცა და მათ ფინანსთა სამინისტროს სისტემაში პრაქტიკის გავლა შესთავაზა.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, სასწავლო კურსი მიზნად ისახავდა, მსმენელებისთვის გაეცნო საჯარო სამსახურში საქმიანობის სამართლებრივი და ეთიკური სტანდარტები, საჯარო მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები, დარღვეული უფლებების დაცვის მექანიზმები, ტრენინგზე ასევე განხილული იყო ადმინისტრაციულ ორგანოებში საქმიანობის ძირითადი სამართლებრივი რეგულაციებიც.
ცნობისთვის, სასწავლო კურსი – „საჯარო მოხელე და საჯარო სამსახურში საქმიანობის ძირითადი პრინციპები“,11 ნოემბერს დაიწყო და დასრულდა 8 დეკემბერს. კურსის შესახებ ინფორმაცია განთავსებული იყო საიტზე: www.jobs.ge. მონაწილეები შეირჩნენ გამოგზავნილი აპლიკაციების საფუძველზე. განაცხადების განხილვის შემდგომ შეირჩა 20 მსმენელი სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტიდან.
სწავლების დასრულების შემდეგ 3 მსმენელს ოქროს, ხოლო 11 მონაწილეს ვერცხლის სერტიფიკატები გადაეცათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები