კონსტიტუციონალისტმა მთავრობის დამტკიცებისთვის საჭირო პროცედურები განმარტა

პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, უფლებამოსილება მინისტრთა კაბინეტის წევრებსაც შეუწყდათ.
როგორც კონსტიტუციონალისტმა ლადო სანიკიძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, საპარლამენტო უმრავლესობა პრემიერობის კანდიდატს პრეზიდენტს შესთავაზებს, პრეზიდენტი კი მას პარლამენტის წინაშე 7 დღის ვადაში წარადგენს.
„პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი პრეზიდენტს საპარლამენტო უმრავლესობამ უნდა წარუდგინოს, პრეზიდენტმა კი შესაბამისი კანდიდატი პარლამენტს შვიდი დღის ვადაში უნდა შესთავაზოს. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ასევე შვიდი დღის ვადაში მინისტრთა კანდიდატურებს შეარჩევს და ნდობის მისაღებად პარლამენტს მინისტრთა ახალ კაბინეტს და სამთავრობო პროგრამას წარუდგენს.
მთავრობისათვის პარლამენტის ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა. პარლამენტის კენჭისყრა გადამწყვეტია, მაგრამ ფორმალურად, კენჭისყრიდან 2 დღეში პრეზიდენტი ნიშნავს პრემიერს. ხოლო პრემიერი თავისი სამართლებრივი აქტით ასევე ორი დღის ვადაში ნიშნავს მთავრობის წევრებს“, – განაცხადა ლადო სანიკიძემ.
კონსტიტუციონალისტის განცხადებით, პროდეცურები შესაძლებელია შემოკლებულ ვადებშიც ჩაეტიოს და მთავრობა 2-3 დღის ვადაშიც დამტკიცდეს. ლადო სანიკიძე მთავრობის მკვეთრ გადახალისებას არ ელის, ამიტომ ვარაუდობს, რომ ახალი მთავრობა შემჭიდროებულ ვადებში დამტკიცდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები