რა გახდა ღარიბაშვილის გადადგომის მიზეზი და რა ცვლილებებს უნდა ველოდოთ საარჩევნო წელს

„ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის მიზეზი მის მიერ ვერ შესრულებული დაპირებები ან დაშვებული შეცდომები არ გამხდარა, მიზეზი ისაა, რომ საარჩევნო წელი მოდის და „ოცნებას“ რებრენდინგი სჭირდება“,- აღნიშნული განცხადება კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ძაბირაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა, თუმცა, ძაბირაძის განცხადებით, მთავრობის ცვლილებებისთვის უცნაური დრო შეირჩა.
„ მომავალი წელი საარჩევნო წელია და ცვლილებები მოსალოდნელი იყო. „ქართულ ოცნებას“ ახლებური იმიჯი სჭირდება, რადგან სახელისუფლებო გუნდისთვის ფონი ძალიან მძიმეა. იმიჯის ცვლილება დაიწყო, მაგრამ ეს საკმარისი არ იქნება იმისთვის, რომ ამომრჩეველი „ოცნებისკენ“ შემოტრიალდეს. პროცესი იქნება რთული და მძიმე. მე არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში ძლიერ სოციალურ, ეკონომიკურ ან პოლიტიკურ გარღვევას არ ველი. კონსტიტუციონალისტი მიიჩნევს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა არ იქნებოდა ერთი კაცის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. მისი თქმით, ეს საკითხი ბიძინა ივანიშვილის გარეშე არ გადაწყდებოდა, მაგრამ ივანიშვილი ამ გადაწყვეტილებას არა ერთპიროვნულად, არამედ გუნდთან ერთად მიიღებდა. ძაბირაძის ვარაუდით, მინისტრთა კაბინეტში ფუნდამენტური ცვლილებები არ მოხდება, მაგრამ შესაძლოა, რამდენიმე მათგანი მაინც შეიცვალოს.
„საარჩევნო წელია და ცვლილებებია საჭირო და თუკი ეს ცვლილებები დაიწყებოდა, ბუნებრივია, ეს მთავრობიდან უნდა დაწყებულიყო. არ მგონია, რომ მინისტრთა კაბინეტში ფუნდამენტური ცვლილებები მოხდეს, მაგრამ შესაძლოა, რამდენიმე მათგანი მაინც შეიცვალოს. მინისტრთა კაბინეტში არის რამდენიმე მინისტრი, რომელთა სახელებიც მეტნაკლებად შელახულია, მათ შორისაა ნოდარ ხადური, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ მისი მინისტრობის დროს ბიუჯეტის მობილიზება და განაწილება არ ხდება“,- განაცხადა ვახტანგ ძაბიძარემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები