გია ხუხაშვილი: ირაკლი ღარიბაშვილს აკიდებული ჰქონდა იმაზე მეტი ტვირთი, ვიდრე შეეძლო
დამოუკიდებელი ექსპერტი გია ხუხაშვილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თანამდებობიდან გადადგომის ფაქტს ეხმაურება. ხუხაშვილის შეფასებით, ღარიბაშვილის თანამდებობიდან გადადგომა ბოლოდროინდელ გახმაურებულ თემებს უკავშირდება. კერძოდ, ხუხაშვილს უცნაურად მიაჩნია საკითხი, რომელიც პატრიარქისთვის შეწყალების უფლების მინიჭებას გულისხმობდა. გარდა ამისა, გია ხუხაშვილი არ გამორიცხავს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის თანამდებობიდან წასვლა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის ლევან მურუსიძის თემას უკავშირდებოდეს.
„ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე დღის წინ ანგარიში წარადგინა და სამწლიანი მუშაობა შეაჯამა. პოზიტიური ვარაუდი შეიძლება იყოს, რომ მან სამწლიანი მოღვაწეობა შეაჯამა, თავისი ფუნქცია ამოწურულად ჩათვალა და თანამდებობიდან წავიდა, თუმცა მაინდამაინც დამაჯერებელად არ ჟღერს ეს პოზიცია. მოხდა რაღაცა განსაკუთრებული. ბოლო პერიოდში იყო ისეთი თემები, რაც მას პირდაპირ და ირიბად უკავშირდებოდა. ერთ-ერთი ძალიან უცნაური საკითხი იყო – პატრიარქისთვის შეწყალების უფლების მინიჭება. რბილად რომ ვთქვათ, ეს ძალიან უცნაური იყო და მეორე, მურუსიძის თემა. შეიძლება რაღაცა დაძაბულობა გამოიწვია ამან კოალიციის შიგნით და ეს ყველაფერი შემდგომი პროცესების კატალიზატორი გახდა.
ირაკლი ღარიბაშვილის ნათესავები ცალკე საკითხია და ეს არ არის ახალი თემა. არ მგონია, რომ ნათესავების გამო მომხდარიყო ეს ყველაფერი. ვფიქრობ, რომ მისალოცად აქვს საქმე, იმიტომ რომ ნებისმიერი ადამიანისადმი მაქვს თანაგრძნობის განცდა, როდესაც მას იმაზე მეტი პასუხისმგებლობა და ტვირთი აეკიდება ხოლმე, ვიდრე მას შეუძლია ატაროს. მე ვფიქრობ, რომ პრემიერი ერთ-ერთი კლასიკური ნიმუში იყო ამისა. მას აკიდებული ჰქონდა იმაზე მეტი ტვირთი, ვიდრე შეეძლო, ახლა გათავისუფლდა და ეს მისთვის პიროვნულად კარგია. დღეს თუ ვერ ხვდება, ხვალ და ზეგ გააცნობიერებს ამ ყოველივეს“, – აღნიშნა გია ხუხაშვილმა „კვირასთან“ საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა.