ირაკლი სესიაშვილი: ისტორიას დარჩება შენი ხელმძღვანელობით ქვეყანაში მიღწეული წარმატებები
„ჩემო ირაკლი, შენ ხარ შენი ქვეყნის და საქმის ერთგული ადამიანი“, – ამ სიტყვებით ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი სესიაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თანამდებობიდან გადადგომას.
სესაიაშვილს მიაჩნია, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა, როგორც პრემიერ-მინისტრმა ძალიან ეფექტურად გაართვა თავი დაკისრებულ ვალდებულებას საქართველოში და ღირსეულად დაიმკვიდრა ადგილი საერთაშორისო ასპარეზზეც.
„ჩემო ირაკლი, შენ ხარ შენი ქვეყნის და საქმის ერთგული ადამიანი. ბოლო 4 წლის მანძილზე ბევრჯერ მოგვიწია ერთად მუშაობა და ყოველთვის გაოცებული ვიყავი შენი ღრმა ცოდნითა და საქმისადმი განსაკუთრებული პასუხისმგებლობით. როგორც თქვი, სუფთა ხელებით მოხვედი და სუფთა ხელებით ტოვებ პრემიერ-მინისტრის საპასუხიმგებლო პოსტს. შენ ძალიან ეფექტურად გაართვი თავი დაკისრებულ მოვალეობას, ალბათ, ერთ-ერთ ყველაზე რთულ დროს საქართველოსთვის და არა მარტო ქვეყნის შიგნით იყავი ღირსეული, არამედ შენი ადგილი დაიმკვიდრე საერთაშორისო ასპარეზზე. ისტორიას დარჩება შენი ხელმძღვანელობით ქვეყანაში მიღწეული წარმატებები, განხორციელებული ძალიან სერიოზული რეფორმები და ბევრი კეთილი საქმე. ჩემთვის კი შენ ხარ მეგობარი, უშუალო, ალალი, გულიანი და ვაჟკაცი კაცი. ჩვენ წინ კიდევ ბევრი საქმე გველოდება. მეგობრობა კი – ბოლომდე. მადლობა, ირაკლი“, – წერს ირაკლი სესიაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.