თინათინ ხიდაშელი: როგორც ჩანს, პრემიერმა ჩათვალა, რომ ქვეყანას ახალი ადამიანი სჭირდება
ჩვენ ვიცოდით, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ამ გადაწყვეტილების შესახებ უკვე კარგა ხანია ფიქრობდა, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა განაცხადა.
მისი თქმით, ღარიბაშვილმა საკმაოდ ბევრი იშრომა იმისთვის, რომ საქართველო წარმატებული ყოფილიყო.
„ჩვენ ვიცოდით, რომ ის ამ გადაწყვეტილების შესახებ უკვე კარგა ხანია ფიქრობდა, თუმცა, ბუნებრივია, რომელ დღეს და რომელ საათზე მოხდებოდა ეს, არ ვიცოდით. ეს ჩემთვის სიახლე არ იყო. ვფიქრობ, ირაკლის ჰქონდა იმის სურვილი, მოთხოვნილება, მოლოდინი, საზოგადოებისთვის ეჩვენებინა, რომ არ აქვს მნიშვნელობა ასაკს, არ აქვს მნიშვნელობა, რა მასშტაბის ძალაუფლებას ატარებ – როდესაც ჩათვლი, რომ კონკრეტული მიზანი, იმ მომენტის ამოცანა მიღწეულია, შესაძლებელი ასპარეზი სხვა ადამიანებს დაუთმო“, – განმარტა თინათინ ხიდაშელმა.
ამასთან, თინათინ ხიდაშელის განცხადებით, როგორც ჩანს, პრემიერმა ჩათვალა, რომ პირველი რიგის ამოცანები შესრულებულია და ახლა, ქვეყანას ახალი ადამიანი სჭირდება.
„ვფიქრობ, ვიზალიბერალიზაციის პროცესში გარდამტეხი გადაწყვეტილება, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ მივიღეთ, ღარიბაშვილის გადაწყვეტილების თარიღის მომწიფებისთვის ერთგვარი მთავარი ფაქტორი იყო. როგორც ჩანს, პრემიერმა ჩათვალა, რომ პირველი რიგის ამოცანები შესრულებულია და ახლა, ახალი სისხლი, ახალი ენთუზიაზმი, ახალი ადამიანი სჭირდება ქვეყანას. ასეთი მოქმედება, განსაკუთრებით საქართველოში, რა თქმა უნდა, დასაფასებელია“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.