პრეზიდენტმა მოვალეობის შესრულება მთავრობის იმავე შემადგენლობას დააკისრა
საქართველოს პრეზიდენტმა მთავრობის ახალი შემადგენლობის შექმნამდე მოვალეობის შესრულება მთავრობის იმავე შემადგენლობას დააკისრა, – ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი კვერენჩხილაძემ განაცხადა.
„საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულება, რომლის საფუძველზეც საქართველოს მთავრობის იმავე შემადგენლობას დააკისრა მთავრობის მოვალეობის შესრულება მთავრობის ახალი შემადგენლობის შექმნამდე. შესაბამისად, ასევე კონსტიტუციის მიხედვით, საპარლამენტო უმრავლესობა საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს და დღევანდელი დღიდან შვიდი დღის ვადაში პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს წამოაყენებს ოფიციალურად და წარუდგენს მას პარლამენტს“, – განაცხადა კვერენჩხილაძემ.