ზვიად კვაჭანტირაძე: ჩვენ დავადასტურეთ, რომ ჩვენი ხელისუფლება არ არის სკამებს ჩაბღაუჭებული
“არანაირი პოლიტიკური წინაპირობა იმისთვის, რომ ირაკლი ღარიბაშვილს გაეკეთებინა გადადგომის შესახებ განცხადება, არ არსებობდა“ – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე ირაკლი ღარიბაშვილის მიერ თანამდებობის დატოვებას.
როგორც კვაჭანტირაძემ აღნიშნა, პრემიერ-მინისტრის პოსტზე ერთ-ერთი ყველაზე რეალური კანდიდატურა გიორგი კვირიკაშვილია, მაგრამ ამის თაობაზე გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის და არსებობს სხვა კანდიდატურებიც.
“არანაირი პოლიტიკური წინაპირობა იმისთვის, რომ ირაკლი ღარიბაშვილს გაეკეთებინა გადადგომის შესახებ განცხადება არ არსებობდა. ამის შეფასება შეიძლება მხოლოდ ასე, ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, რომ ჩვენი ხელისუფლება არ არის სკამებს ჩაბღაუჭებული და გარკვეულწილად ყველა ჩვენგანი ვართ თავისუფალი ჩვენს არჩევანში. ამის მაგალითი ნამდვილად მისცა ბიძინა ივანიშვილმა ჩვენს მოსახლეობას და საერთაშორისო თანამეგობრობას. დღეს ძალიან ბევრი ზარი მივიღეთ ჩვენი უცხოელი კოლეგებისგან, რომლებიც ნამდვილად არიან გაოცებულები და ნახევრად ხუმრობით ამბობენ, რომ თქვენ ქართველები მართლა გვასწავლით დემოკრატიის გაკვეთილებსო”, – განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერმინისტრი თანამდებობიდან გადადგა. ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობიდან წასვლის შესახებ რამდენიმე წუთის წინ მთავრობის ადმინისტრაციიდან განაცხადა.