გია ვოლსკი: ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებაზე საუბარი არ არის

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკი პრემიერ-მინისტრის გადადგომის შესახებ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც უმრავლესობის წევრმა აღნიშნა, ირაკლი ღარიბაშვილს შეეძლო, მეტი ესაუბრა იმ გამოწვევების შესახებ, რაც საქართველოს წინაშე იდგა, რთვლის ჩაშლის მცდელობიდან ევროინტეგრაციამდე.

„ვფიქრობ, ირაკლი ღარიბაშვილს შეეძლო მეტი ესაუბრა იმ გამოწვევების შესახებ, რაც საქართველოს წინაშე იდგა, რთვლის ჩაშლის მცდელობიდან ევროინტეგრაციამდე და იმ გამოწვევებზეც, რომელიც მიმართული იყო ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაციის წინააღმდეგ. ასევე, იმ კანონმდებლობაზე, რაც ჩვენმა ხელისუფლებამ შემოიტანა. უნდა გვესაუბრა რეფორმებზე, რომელიც ჩვენ და მთავრობამ ერთად გავაკეთეთ. ვფიქრობ, მობილიზება საჭიროა და მთავრობის და პარლამენტის საქმიანობის ხარისხი იქნება მაჩვენებელი იმისა, თუ რას ვგეგმავთ და როგორ შეიძლება 2016 წელი საქართველოს მოსახლეობამ უკეთესი იხილოს, ვიდრე გასული წლები“, – აღნიშნა დეპუტატმა.

როგორც ვოლსკმა აღნიშნა, ივანიშვილის თანამდებობაზე დაბრუნების თაობაზე, ხელისუფლებაში საუბარი არ არის.

„კონსულტაციების საკმაოდ მწყობრი სისტემაა ჩვენთან ჩამოყალიბებული, როდესაც ყველამ იცის თავისი ადგილი, როდის უნდა აკეთოს განცხადებები. რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილიც ჩართულია, მაგრამ არა ისე, როგორც სპეკულირებენ. არ მიყვარს სიტყვა გამოვრიცხავ, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებაზე საუბარი არ არის და, ვფიქრობ, არც იქნება“, – განაცხადა დეპუტატმა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები