დავით უსუფაშვილი: მე ვიცოდი, რომ ირაკლი ამ თემაზე ფიქრობდა
მე ვიცოდი, რომ ირაკლი ამ თემაზე ფიქრობდა, მაგრამ როდის მიიღებდა ის გადაწყვეტილებას და რა მომენტში, ეს მისი გადასაწყვეტი იყო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილმა თავისი გადაწყვეტილება ძალიან მკაფიოდ და ნათლად დაასაბუთა.
„მე ვიცოდი, რომ ირაკლი ამ თემაზე ფიქრობდა, მაგრამ როდის მიიღებდა ის გადაწყვეტილებას და რა მომენტში, ეს მისი გადასაწყვეტი იყო. მან თავისი გადაწყვეტილება ძალიან მკაფიოდ და ნათლად დაასაბუთა. მან განაცხადა, იმის შესახებ, რომ კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ ქართულ სინამდვილეში სხვა ტრადიციების დამკვიდრება დაიწყო. მე შეგახსენებთ, რა ხდებოდა საქართველოში ძალაუფლების მოსაპოვებლად ან ძალაუფლების შესანარჩუნებლად უახლოესი ბოლო 20-25 წლის განმავლობაში.
ჩვენს სინამდვილეში „ქართული ოცნების“ პირველმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ერთი წლის შემდეგ დატოვა თანამდებობა და მან ჩათვალა საჭიროდ, რომ მიეცა თავისი გუნდისთვის და სხვა წევრებისთვის ასპარეზი. ირაკლი ღარიბაშვილმა იგივე ნაბიჯი გადადგა და მე დარწმუნებული ვარ, ეს ტრადიცია გაგრძელდება, იმიტომ, რომ ჩვენ პრემიერები, სპიკერები, პრეზიდენტები არ გვჭირდება სიცოცხლის ბოლომდე. ჩვენ გვჭირდება მანამ, სანამ ადამიანები თავად გრძნობენ, რომ შეუძლიათ საქმის კეთება, აქვთ სათანადო ენერგია, სათანადო მონდომება და ენთუზიაზმი“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.