“ბიძინა ივანიშვილმა შექმნა მაგალითი, თუ როგორ უნდა აკეთოს პოლიტიკოსმა ქვეყნისთვის სასარგებლო საქმე”
ბიძინა ივანიშვილმა შექმნა მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა აკეთოს პოლიტიკოსმა ქვეყნის სასარგებლო საქმე, – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, თუ რა მაგალითს მისცემენ მომავალ თაობას.
“მას შემდეგ, რაც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გადადგა უპრეცედენტო ნაბიჯი და, მისი პოპულარობისა და პოლიტიკური გავლენის მიუხედავად, მისივე გადაწყვეტილებით დატოვა თანამდებობა, მან შექმნა მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა აკეთოს პოლიტიკოსმა ქვეყნისთვის სასარგებლო საქმე როგორც დროული მოსვლით, ისე დროული წასვლით.
გულწრფელად გეტყვით, რომ ჩემთვის თანამდებობა, იქნებოდა ეს შინაგან საქმეთა მინისტრობა თუ პრემიერ-მინისტრობა, ზოგადად, ხელისუფლებაში ყოფნა, არასოდეს ყოფილა ჩემი თვითმიზანი. ჩემთვის უბრალოდ ეს არის საშუალება იმისთვის, რომ ვემსახურო ჩემს ქვეყნას და ჩვენს ძვირფას ხალხს, ეს არის ჩემი პოლიტიკური მრწამსი. ასეთი პოლიტიკური კულტურის დამკვიდრება დაიწყო ჩვენმა გუნდმა, ვინაიდან ჩვენ ჯერ კიდევ ახალგზრდა დემოკრატია გვაქვს, ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს, რა მაგალითს დავუტოვებთ ჩვენს შვილებს, რა მაგალითს მივცემთ ჩვენს მომავალს თაობას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.