ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემი პრემიერ-მინისტრობის დროს ჩვენს ქვეყანაში დამკვიდრდა მშვიდობა და სტაბილურობა
ჩემი პრემიერ-მინისტრობის დროს ჩვენს ქვეყანაში დამკვიდრდა მშვიდობა და სტაბილურობა, კანონიერება და ჰუმანურობა, – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მან თანამდებობის დატოვების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გახმოვანებამდე, არსებული ხელისუფლების მიღწევებზე ისაუბრა.
“ყველა ადამიანს აქვს თავისუფალი არჩევანის საშუალება, დღემდე თითოეული ჩემი ნაბიჯი გამომდინარეობდა იმ პასუხისმგებლობიდან, რასაც არჩევანი მაკისრებდა, როდესაც ვიღებდით გადაწყვეტილებას, იქნებოდა ეს ოჯახის შექმნის, კარიერის არჩევისა, თუ პოლიტიკაში წასვლის შესახებ, მაშინ, როდესაც ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით გავერთიანდით ჩვენი ქვეყნის გადასარჩენად, ჩვენი ბრძოლა 2012 წელს ჩვენი ხალხის გამარჯვებით დაგვირგვინდა.
მე ნამდვილად მეამაყება, რომ წილად მხვდა ამეღო უდიდესი პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის და ერის წინაშე, ჩვენს გუნდთან ერთად გამეგრძელებინა ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ დაწყებული საქმე.
ჩემი პრემიერ-მინისტრობის დროს ჩვენს ქვეყანაში დამკვიდრდა მშვიდობა და სტაბილურობა, კანონიერება და ჰუმანურობა, ჩვენს მოქალაქეებს დავუბრუნეთ ყველაზე მთავარი: თავისუფლება და ღირსება. ასევე ჩვენ მიერ გატარებული მასშტაბური რეფორმებით და უპრეცედენტო სამთავრობო პროგრამებით ჩვენ შევქმენით მყარი საფუძვლები ეკონომიკური და სოციალური კეთიდღეობისთვის, ჩვენ ასევე მივაღწიეთ ისტორიულ შედეგებს – ევროკავშირთან გავაფორმეთ ასოცირების ხელშეკრულება და დავიწყეთ თავისუფალი ვაჭრობა, მივიღეთ თანხმობა უვიზო მიმოსვლაზე ჩვენი მოქალაქეებისთვის, რითაც უკვე შეუქცევადი გახდა ჩვენი ქვეყნის ინტეგრაცია ევროპულ ოჯახში. დღეს ისე როგორც არასდროს, ადამიანზე ორიენტირებული და პრაგმატული პოლიტიკით, ჩვენი ევროპული პერსპექტივით ყალიბდება რეალური საფუძველი ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის.ჩვენ დავიწყეთ მუშაობა ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიული ფუნქციის აღდგენაზე – საქართველო აქტიურად ჩაერთო აბრეშუმის გზის პროექტში და ხდება რეალურად დამაკავშირებელი ხიდი ევროპასა და აზიას შორის”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.