ოთხმა ქვეყანამ ენერგეტიკულ სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერა

ვიცე-პრემიერმა/ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ერევანში საქართველოს, ირანის ისლამური რესპუბლიკის, სომხეთის რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციას შორის “ენერგეტიკულ სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ მემორანდუმს ხელი მოაწერა.
როგორც „კვირას“ ენერგეტიკის სამინისტროდან აცნობეს, მემორანდუმი ითვალისწინებს საკოორდინაციო საბჭოს შექმნას და რეგიონალურ სადისპეტჩერო ცენტრზე მუშაობას, რაც ხელს შეუწყობს ოთხივე ქვეყნის ელექტროსისტემის მუშაობის ეფექტურობის გაზრდას, სწრაფ რეაგირებას კრიზისული და საგანგებო სიტუაციების დროს, ელექტროენერგიის ტრანზიტისა და ვაჭრობის განვითარებას, სამხრეთ კავკასიაში ელექტროენერგიის სფეროში რეგიონალური თანამშრომლობის სათანადო სასისტემო და სისტემათაშორისი ინფრასტრუქტურის განვითარებას.
უწყების ცნობით, პროექტი შექმნის ინვესტიციების მოზიდვის წინაპირობას, ხელს შეუწყობს ელექტროენერგიით ვაჭრობის განვითარებას და მდგრადი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას. ვიზიტის ფარგლებში კახა კალაძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ჰოვიკ აბრაჰამიანს შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის მიმდინარე ურთიერთობების გაღრმავებასა და სამომავლო ურთიერთობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები