ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე კომპანია „ჰუმანითი ჯორჯია“ შემოდის

ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე კომპანია „ჰუმანითი ჯორჯია“ შემოდის. სპეციალისტები ახალი კომპანიის ბაზარზე შემოსვლას დადებითად აფასებენ.
სამეწარმეო რეესტრის მონაცემების თანახმად, კომპანია მიმდინარე წლის მაისშია დარეგისტრირებული. კომპანიის დირექტორის ანდრეი კუზმას განცხადებით, „ჰუმანითი ჯორჯია“ უახლოეს მომავალში ქართულ ფარმაცევტულ ბაზარს მედიკამენტების ფართო სპექტრს შესთავაზებს.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, მათი პრეპარატების პირველი პარტია ხშირი მოხმარების მედიკამენტებით იქნება წარმოდგენილი და საქართველოში უკვე დეკემბრის ბოლოს შემოვა. მედიკოსები და პოლიტიკოსები განმარტავენ, რომ ეს ფაქტი ქვენის ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენციას შეუწყობს ხელს და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის.
პარლმენტის ჯანდაცვის კომიტეტის წევრი გიორგი გოზალიშვილი ქართულ ბაზარზე ახალი ფარმაცევტული კომპანიის შემოსვლას გამოეხმაურა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გაიზრდება კონკურენცია, ხოლო მაღალი კონკურენცია ფასების დარეგულირებას გამოიწვევს. რაც შეეხება მათ მიერ შემოტანილი ჯენერიკების ხარისხს, მას მედიკამენტებზე ხარისხის კონტროლის გამკაცრება დაარეგულირებს. ზოგადად, ჯენერიკების შემოტანა და გამოყენება ცუდი არ არის, რასაკვირველია. პირიქით, ეს გააიაფებს ჯანდაცვის ხარჯებს. მედიკამენტები უფრო ხელმისაწვდომი იქნება მოსახლეობის ფართო ფენებისათვის, რომელთაც სჭირდებათ აღნიშნული პრეპარატები“, – განაცხადა გიორგი გოზალიშვილმა.
„ჰუმანითი ჯორჯიას“ დირექტორის, ანდრეი კუზმას თქმით, კომპანიის უპირატესობა ის არის, რომ მისი მენეჯმენტი დაკომპლექტებულია მსოფლიო გამოცდილების მქონე საუკეთესო სპეციალისტებით.
„ჩვენი კომპანია ახალგაზრდაა, მაგრამ ჩვენი უპირატესობაა, რომ კომპანიის მენეჯმენტი დაკომპლექტებულია მსოფლიო გამოცდილების მქონე საუკეთესო სპეციალისტებით. კომპანიის თანამშრომელთა დიდ ნაწილს აქვს ისეთ მსოფლიო ბრენდებში მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება, როგორიცაა: SANOFI, PFIZER და სხვა. „ჰუმანითი ჯორჯია“, ეს არის დინამიკურად განვითარებადი კომპანია, რომელიც ამბიციური გეგმებით შემოდის საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე. ჩვენი მიზანია, დავმკვიდრდეთ ქართულ ფარმაცევტულ ბიზნესში, როგორც ხელმისაწვდომი, უსაფრთხო და ხარისხიანი პრეპარატების მიმწოდებელი კომპანია“, – აცხადებს ანდრეი კუზმა.
კუზმას ინფორმაციით, მათი პრეპარატების ხარისხი დადასტურებულია მწარმოებლის EU GMP სერტიფიკატით და ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სერტიფიკატის მქონე ლაბორატორიის მიერ ჩატარებული სერიული კონტროლით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები