„პატრიოტთა ალიანსმა“ პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივებით მიმართა
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივა წარუდგინა, რომლის მიხედვითაც არჩევნების დროს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება შეიზღუდება.
„ ჩვენ რამდენიმე ცვლილება შევიტანეთ პარლამენტში ეს შიმშილობა არ შეწყდებოდა, რომ არ გამოგვხმაურებოდა ხელისუფლება. ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, გამკაცრდეს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, მინისტრები, გამგებლები, პოლიციის უფროსები ვეღარ ჩაერიონ არჩევნებში ისე, როგორც ერეოდნენ საგარეჯოში, როცა ისინი იდგენენ საარჩევნო უბნების წინ, ეწეოდნენ გახურებულ აგიტაცია-პროპაგანდას.
როცა გარემოს დაცვის მინისტრს სატყეო მეურნეობის თანამშრომლები ჰყავდა მობილიზებული, როცა ჯანდაცვის მინისტრი ექიმებს ხვდებოდა და პირდაპირ ეუბნებოდა, ვისთვის მიეცათ ხმა და ვისთვის არა, ეს ანომალიაა. ეს ევროპის არცერთ სახელმწიფოში არ ხდება. ანომალიურია თავდაცვის მინისტრის დამოკიდებულება არჩევნებისადმი. ჩარევა და ჯარის ხმებით მანიპულაცია გამორიცხულია ევროპაში. ეს რომ გამოირიცხოს, ჩვენ ვთქვით, გათანაბრდეს სისხლის სამართლის დანაშაულთან ადმინისტრაციული რესურსების ამგვარი გამოყენება და სასჯელად განისაზღვროს 7 წელი და მეტი. დღეს სასჯელი დაახლოებით 2 000 ლარის ფარგლებშია. როდესაც სასჯელი იქნება ციხე, ასეთი ადამიანები ასეთი ჩარევებისგან თავს შეიკავებენ“,- განაცხადა ირმა ინაშვილმა.
აღნიშნული ინიციატივის გარდა, „პატრიოტთა ალიანსს“ სხვა მოთხოვნებიც აქვს, როგორც პარტიის ლიდერმა ირმა ინაშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, პარტია აგრეთვე ცესკოში მისი წარმომადგენლის ყოფნას, საეთერო დროს და, როგორც კვალიფიციური სუბიექტი, კანონით მინიჭებულ თანაბარ დაფინანსებას ითხოვს.
„საუბარია იმაზე, რომ პარიტეტი იყოს დაცული და ჩვენც, როგორც კვალიფიციურ პარტიას, გვყავდეს წარმომადგენელი ცესკოში. იქ მრავალი ნიუანსია, თანაბარი დაფინანსება, საეთერო დრო. .. ესენი ჩვენს ცვლილებებში გაწერილია. საუბარია ასევე არჩევნებში სავალდებულო მონაწილეობაზე , ასეთი გამოცდილება აქვს ბელგიას, ლუქსემბურგს. თუ პარლამენტი ამ ცვლილებებს არ მიიღებს, ჩვენ ისევ გავალთ ქუჩაში. ამაზე მსჯელობა და შიდა განხილვები მიდის პარლამენტში. ველოდებით, რომ ამ დღეებში კომიტეტებზე დაიწყება ამ საკითხებზე მუშაობა“,- განაცხადა ირმა ინაშვილმა.