დიმიტრი ქუმსიშვილმა თურქმენეთში აღმოსავლეთ-დასავლეთის გაზსადენის ექსპლუატაციის დაწყების ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, თურქმენეთში ვიზიტის ფარგლებში, აღმოსავლეთ-დასავლეთის გაზსადენის ექსპლუატაციაში შეყვანის საზეიმო ცერემონიალში მონაწილეობა მიიღო.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიება თურქმენეთის საპორტო ქალაქ თურქმენბაშიდან 75 კმ-ზე მდებარე „ბელეკის“ საკომპრესორო სადგურის ტერიტორიაზე გაიმართა.
ცერემონიალს ესწრებოდნენ: თურქეთის, ბულგარეთის უკრაინის ენერგეტიკის მინისტრები, აგრეთვე რუმინეთის, რუსეთის და რეგიონის სხვა სახელმწიფოთა ენერგეტიკის სამინისტროების მაღალი თანამდებობის პირები და გაზის სექტორში მომუშავე მსხვილი კორპორაციების ხელმძღვანელები.
ცერემონიალზე თურქმენეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი გურბანგული ბერდიმუჰამედოვი სიტყვით გამოვიდა, რომელმაც ვრცლად ისაუბრა აღმოსავლეთ–დასავლეთის გაზსადენის მნიშვნელობაზე, როგორც უშუალოდ თურქმენეთისთვის, ასევე მთელი რეგიონისთვის. მისი განცხადებით, თურქმენეთი დაინტერესებულია საკუთარ ტერიტორიაზე მოპოვებული ბუნებრივი აირის მიწოდებით ევროპის ბაზარზე. მოხსენების შემდეგ, თურქმენეთის პრეზიდენტმა სიმბოლურად აამუშავა აღმოსავლეთი–დასავლეთის გაზსადენი და მილსადენზე ხელმოწერა დატოვა.
უწყების ცნობით, აღმოსავლეთ-დასავლეთის გაზსადენი ქვეყნის აღმოსავლეთ რაიონებში არსებულ გაზის უდიდეს საბადოებს კასპიის ზღვის სანაპიროს აკავშირებს. გაზსადენის სიგრძეა დაახლოებით 800 კმ, გამტარუნარიანობა კი წელიწადში 33 მლრდ კუბ.მეტრს შეადგენს. მიწოდებული გაზი გამოყენებული იქნება ქვეყნის დასავლეთ რეგიონების მოთხოვნილებების უზრუნველყოფისა და ექსპორტისათვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები