მაგდა პაპიძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
5 წლის შვილისა და ქმრის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის განცხადებასთან დაკავშირებით მთავარმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.
“2015 წლის 22 დეკემბერს, ქ.თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება, პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო თბილისის საქალაქო სასამართლოში, აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხის განხილვისას ბრალდებული მაგდა პაპიძის მიერ გაკეთებული განცხადება იმის შესახებ, რომ ადგილი ჰქონდა მის მიმართ პოლიციელთა მხრიდან ძალადობას”, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.
შეგახსენებთ, მაგდა პაპიძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ სამართალდამცველებმა დაკავების შემდეგ მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.