ირინა იყო ის ადამიანი, დედა, რომელმაც პირველმა დაიწყო ბრძოლა იმ ხელისუფლების წინააღმდეგ, – ამის შესახებ სანდრო გირგვლიანის მამამ, გურამ გირგვლიანმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადა.
გიორგი მარგველაშვილმა ერის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისათვის, გამორჩეული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის ირინე ენუქიძე, გარდაცვალების შემდეგ, თამარ მეფის ორდენით დააჯილდოვა.
გურამ გირგვლიანმა აღნიშნულისთვის გიორგი მარგველაშვილს მადლობა გადაუხადა,
„პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტს იმ ორდენისთვის, რომელიც გადაეცა ჩემს მეუღლეს გარდაცვალების შემდეგ, მაგრამ აქვე მინდა აღვნიშნო ისიც, რომ ალბათ, პირველ რიგში, მადლობა უნდა გადავუხადოთ ქალბატონ ირინას, რომელმაც პირველმა დაიწყო ბრძოლა იმ ხელისუფლების წინააღმდეგ, იმ უსამართლობისათვის, რაც ჩვენს ოჯახს დაატყდა. ყველამ იცით ეს ტრაგედია. ირინა იყო ის ადამიანი, დედა, რომელმაც პირველმა დაიწყო ბრძოლა იმ ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელიც მოღვაწეობდა იმ 9 წლის განმავლობაში და რომელსაც უბედურებისა და სიკვდილის მეტი არაფერი შეუტანია ჩვენს ოჯახებში.
ირინა საბედნიეროდ არ აღმოჩნდა მარტო და მას გვერდში დაუდგა ჯგუფი და დაიწყეს ბრძოლა იმ რეჟიმის წინააღმდეგ, რომელმაც ასეთ სავალალო შედეგამდე მიგვიყვანა. ამ პატარა გუნდმა, რომლებიც დღეს აქ არიან, მასმედიამ, არსამთავრობოებმა, ოპოზიციურმა ძალებმა, რომლებიც ირინას გვერდით დაუდგნენ ბოლომდე, ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ სამართლიანობას ეზეიმა, რაც სამწუხაროდ, მაშინ ვერ მოხერხდა, რადგან მაშინდელმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სამართალს არ ეზეიმა. სამწუხაროდ, ირინამ სანდროს გარდაცვალების შემდეგ დიდხანს ვერ იცოცხლა, მაგრამ ეს ბრძოლა შემდეგ გაგრძელდა, მოხდა საზოგადოების გაერთიანება და შეიძლება ითქვას, რომ ამ საზოგადოებამ იმ დროისთვის შეუძლებელი შეძლო, რადგან ისეთი მონსტრი, როგორიც მაშინდელი ხელისუფლება იყო, რომელიც ყველაფერს აკეთებდა, რომ სამართალი არ აღდგენილიყო, დაამარცხა“, – განაცხადა გურამ გირგვლიანმა.