ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო “ახალი აბრეშუმის გზის” საკვანძო ნაწილი ხდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საგარეო ვაჭრობის კონტექსტში “აბრეშუმის გზის” პროექტის განხორციელებას მნიშვნელოვანს უწოდებს. როგორც ღარიბაშვილმა მთავრობის სამწლიანი საქმიანობის შეჯამებისას განაცხადა, საქართველო  მსოფლიოს ორ უდიდეს ბაზარს – ჩინეთსა და ევროპას შორის დამაკავშირებელი დერეფანი ხდება.
„საქართველო ხდება რეალურად საკვანძო ნაწილი “ახალი აბრეშუმის გზისა”, ანუ დამაკავშირებელი დერეფანი მსოფლიოს ორ უდიდეს ბაზარს – ჩინეთსა და ევროპას შორის. “აბრეშუმის გზის” ამოქმედებით ჩვენი ქვეყანა იბრუნებს ისტორიულ მისიას.
ჩვენ წარმატებით ჩავატარეთ თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი, რომელსაც 32 ქვეყნის 1000-მდე სტუმარი ჩამოვიდა და ეს იყო ძალიან წარმატებული მაგალითი იმისა, რომ ჩვენ შეგვიძლია ეს მისია დავუბრუნოთ ქვეყანას.
დღეს “აბრეშუმის რკინიგზა” უკვე რეალობაა. იგი ბევრად უფრო დააჩქარებს და გააიაფებს ჩინეთიდან ევროპაში გადაზიდვებს. აქამდე გადაზიდვა, ძირითადად, ზღვით ხდება, რასაც საშუალოდ 40 დღე მიაქვს. ჩვენ შეგვიძლია უპრეცედენტოდ მოკლე ვადაში, 8-10 დღეში მივიღოთ ტვირთი და შემდეგ 3-5 დღეში ევროპის მიმართულებით გავაგზავნოთ.
საქართველოს აქვს რეალური პოტენციალი, გახდეს რეგიონული ცენტრი და ეს პროექტი – “აბრეშუმის გზა” დაეხმარება ჩვენს ქვეყანას ამ ფუნქციის შესრულებაში”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის სამწლიანი საქმიანობის შეჯამებისას, პრემიერმა ბაქო-თბილისი ყარსის პროექტზეც ისაუბრა.
“ამ პოტენციალის სრულად ამოქმედება უზრუნველყოფს ქვეყანაში წარმოებული პროდუქციის თავისუფალ წვდომას მსოფლიო მასშტაბით მილიარდზე მეტ მომხმარებელზე.
2 თვის წინ ვიყავი ჩინეთში, სადაც საბოლოოდ გადაწყდა, რომ ჩინეთი და საქართველო დაიწყებენ მოლაპარაკებებს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. ვფიქრობ, ეს არის უნიკალური შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ კიდევ ერთი უზარმაზარი ბაზარი გვეხსნება.
ანუ საბოლოო ჯამში ჩვენს ქვეყანას ექნება თავისუფალი ვაჭრობა ევროპის კავშირთან, ჩინეთთან, დსთ-ის ქვეყნებთან, რუსეთთან, თურქეთთან. ეს არის ის რეალური ფუნქცია, რომელიც ჩვენ უნდა განვახორციელოთ”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები