სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებს აქციის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებს აქციის შეწყვეტისკენ და სასწავლო პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებენ. როგორც უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს განცხადებაშია აღნიშნული, რამდენიმე სტუდენტი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების გაუქმებას ითხოვს, რაც და ხელს უშლის სასწავლო პროცესის მშვიდ გარემოში ჩატარებას.
„სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2015 წლის 10 დეკემბერს ჩატარდა სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები. ამ არჩევნების შედეგებს აპროტესტებს რამდენიმე სტუდენტი, ძირითადად, მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტიდან. ისინი ითხოვენ ამ ფაკულტეტზე ჩატარებული არჩევნების შედეგების გაუქმებასა და ახალი არჩევნების დანიშვნას.
უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო პატივს სცემს სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლებას, თუმცა მიაჩნია, რომ უნივერსიტეტის ერთ-ერთი სასწავლო აუდიტორიის დაკავება და იქ დღისა და ღამის განმავლობაში მჯდომარე აქციის გამართვა, არასწორია. ამას მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე შემოაქვს დაძაბულობა, ქმნის არაჯანსაღ ვითარებას და ხელს უშლის სასწავლო პროცესის მშვიდ გარემოში ჩატარებას. ამასთან ერთად, გვინდა განვაცხადოთ, რომ ჩვენ განვიცდით აქციაში მონაწილე სტუდენტების მდგომარეობას და მოვუწოდებთ მათ აქციის დასრულებისაკენ, რათა ისინი სრულფასოვნად ჩაერთონ სასწავლო პროცესში.
აქციაში მონაწილე სტუდენტებს გვინდა შევახსენოთ, რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის კოლეგიალურ ორგანოებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს და ასევე უნივერსიტეტის ხელმძღვანელ პირებს უფლება არა აქვს რაიმე ფორმით ჩაერიონ სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობაში, მათ შორის, არჩევნებში, მისი შედეგების გაუქმებაში ან ახალი არჩევნების დანიშვნაში.
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იმ სტუდენტებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების პროცესში მათი უფლებები დაირღვა, მოვუწოდებთ, რათა პროტესტის ფორმა გადაიყვანონ კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმში ან გამოიყენონ სამართლებლივი მექანიზმები აღნიშნული საკითხის გადასაწყვეტად. სხვა ნებისმიერი გზა ზიანს აყენებს თავად სტუდენტებს, რადგანაც ხელს უშლის მათი უპირველესი მიზნის – სწავლის უფლების ნორმალურ რეჟიმში რეალიზაციას. აკადემიურ საბჭოს მიაჩნია, რომ უნივერსიტეტის თითოეულმა წევრმა უნდა იმოქმედოს მხოლოდდამხოლოდ კანონის, უნივერსიტეტის წესდებისა და არსებული ნორმატიული აქტების საფუძველზე.
უნივერსიტეტის სტუდენტების ის ჯგუფი, რომელმაც მჯდომარე აქციას მიმართა, ჩვენი სასწავლებლის ნაწილია. მათ, ისევე როგორც თითოეულ ჩვენთაგანს, უნივერსიტეტის წინაშე დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება, ყველა უნდა ვუფრთხილდებოდეთ უნივერსიტეტის სახელსა და მის მომავალს. შესაბამისად, იმედს ვიტოვებთ, რომ აქციაში მონაწილე სტუდენტთა მხრიდან გადადგმული იქნება სამართლებლივად სწორი ნაბიჯი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინტერესების გათვალისწინებით”, – აღნიშნულია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები