“ჩვენ გვეძლევა საშუალება, რუსეთის ფედერაციის დახმარებით ჩვენი სამშობლო ეფექტურად დავიცვათ”

ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პარლამენტის ვიცე-სპიკერის დაურ არშბას განცხადებით, ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების უპირველესი ამოცანა “ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა”.
ადგილობრივი მედიიის ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პარლამენტმა რუსეთთან ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნის შესახებ ე.წ. შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა.
პარლამენტში “შეთანხმებას” 26-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 1 წინააღმდეგი იყო, 2-მა კი თავი შეიკავა.
“ჩვენ გვეძლევა საშუალება, რუსეთის ფედერაციის დახმარებით ჩვენი სამშობლო ეფექტურად დავიცვათ”, – განაცხადა დეპუტატმა გიორგი აგრბამ.
ე.წ. შეთანხმების რატიფიცირება რუსეთის სახელმწიფო დუმაშიც იგეგმება.
რუსეთმა და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის სამინისტრომ ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნის შესახებ დოკუმენტს 26 ნოემბერს მოაწერეს ხელი. დაჯგუფების შექმნა “მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ” შეთანხმებითაა გათვალისწინებული, რომელსაც ვლადიმერ პუტინმა და რაულ ხაჯიმბამ 2014 წლის 24 ნოემბერს მოაწერეს ხელი.
მარიონეტული რეჟიმი არ გამორიცხავს, რომ საჭიროების შემთხვევაში ახალი დაჯგუფება “აფხაზეთის საზღვრებს გარეთ” საბრძოლო მოქმედებებში მიიღებს მონაწილეობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები