მიგრანტთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა მიგრანტთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი გამოფენა სახელწოდებით – “საზღვრის მიღმა” დაათვალიერა.
დევნილთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოფენა სამინისტროს “საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების” სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მერაბ ბერძენიშვილის კულტურის საერთაშორისო ცენტრ “მუზა”-ში გაიმართა.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტების ნახატები და ფოტოები. დაბრუნებული მიგრანტების ნამუშევრები დაათვალიერეს დევნილთა და განსახლების მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ, მინისტრის მოადგილემ გოგი ფაცაციამ და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა ილიანა დერილოვამ. ღონისძიებაში სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმაც მიიღეს მონაწილეობა.
გამოფენა საგრანტო კონკურსში გამარჯვებული არასამთავრობო ორგანიზაცია “ვიპიარ ჯგუფის” ორგანიზებით მოეწყო.
ცნობისთვის, მიგრანტთა საერთაშორისო დღე დაარსებულია გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ და 2000 წლიდან ყოველ 18 დეკემბერს აღინიშნება. 1990 წლის 18 დეკემბერს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო შრომითი მიგრანტებისა და მათი ოჯახების უფლებების დაცვის შესახებ საერთაშორისო კონვენცია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები