ჯაბა ჯიშკარიანმა ჟვანიას ქუჩაზე აღდგენითი-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ჯაბა ჯიშკარიანმა, რაიონის გამგებელთან – გელა არჩვაძესთან ერთად, ჟვანიას ქუჩის N6-ის მიმდებარედ მიმდინარე აღდგენითი-სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა.
აღნიშნულ ტერიტორიაზე 13 ივნისის სტიქიის შედეგად საყრდენი გრუნტის კედელი მთლიანად ჩამოიშალა, რაც ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილების საშუალებას უზღუდავდა და ცხოვრების საფრთხეს უქმნიდა. დეპუტატმა და რაიონის გამგეობამ სწრაფი რეაგირების მიზნით შესაბამის სამსახურებს მიმართეს, რის შემდეგაც ჩატარდა ლაბორატორიული კვლევა, რომელმაც რეალური საფრთხის საშიშროება დაადასტურა. დეპუტატის განცხადებით, კედლის აღდგენითი სამუშაოებისთვის საჭირო თანხა თბილისის მერიამ გამოყო.
„გრუნტის საყრდენი კედლის მშენებლობა საკმაოდ სწრაფ ტემპში მიმდინარეობს და ის უკვე დასრულების ფაზაშია. აღსანიშნავია, რომ ეს პროექტი, არა მხოლოდ სწრაფ ვადებში, არამედ ძალიან მაღალი ხარისხის გათვალისწინებით ხორციელდება. საყრდენი კედლის გარდა, აქ ასევე სანიაღვრე სისტემის კოლექტორიც მოეწყო“,-განაცხადა ჯაბა ჯიშკარიანმა.
დეპუტატმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მშენებლობის დასრულებისთანავე მიმდებარე ტერიტორიაზე ასფალტის საფარი დაიგება, გამწვანდება ეზო და გაშენდება სკვერი. დეპუტატი მთაწმინდის მოსახლეობას ბიუროშიც შეხვდა და სხვადასხვა სახის განცხადებაზე რეაგირებას კომპეტენციის ფარგლებში დაჰპირდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები