დავით ნარმანია მერიის თანამშრომლის დაკავების ფაქტს გამოეხმაურა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის თანამშრომლის დაკავების ფაქტს დედაქალაქის მერი დავით ნარმანია გამოეხმაურა.
ნარმანია მერიაში სისტემური კორუფციის არსებობას გამორიცხავს.
„დაწყებულია გამოძიების პროცესი და აუცილებელია, რომ დაველოდოთ შედეგებს. ტენდენცია ნამდვილად არ არის ასეთი. ცალკეულ შემთხვევებს, სადაც შეიძლება ჰქონდეს ადგილი, რა თქმა უნდა, ამაზე მყისიერი რეაგირება იქნება. იქ, სადაც კი შეიძლება პრაქტიკაში არსებობდეს რაიმე ფაქტი, აუცილებლად უნდა აღიკვეთოს“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის თანამშრომელი – ანზორ გუნბერიძე დააკავეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიულ – სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დაადგინეს, რომ ბრალდებულმა თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერის ზედამხედველობის პროცესში, რომელიც ეხებოდა ვანდალიზმის შედეგად დაზიანებული ფასადების აღდგენას, კერძოდ კი, ერთ-ერთ ობიექტზე, ვითომდა, გაკრული პლაკატებისაგან გასუფთავებას, რაც რეალურად არ არსებობდა, ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენელს დაამზადებინა სამუშაოს შესრულების დამადასტურებელი ყალბი აქტი, რის საფუძველზეც მერიიდან აღნიშნულ კომპანიას საბანკო ანგარიშზე ჩაერიცხა 5000 ლარი. სანაცვლოდ, ბრალდებულმა ქრთამის სახით მოითხოვა და აიღო თანხის ნახევარი, 2500 ლარი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები