მერიასა და საქართველოს სოლიდარობის ფონდს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

თბილისის მერიასა და საქართველოს სოლიდარობის ფონდს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ და სოლიდარობის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მარიამ ჯაშმა, სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების პირველი საერთაშორისო ფორუმის პლენარულ სხდომაზე მოაწერეს.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში შეთანხმდნენ, რომ თბილისის მერია კიდევ უფრო აქტიურად დაუჭერს მხარს სოლიდარობის ფონდის საქმიანობას. როგორც თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, ფონდი ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ემსახურება და მომავალი თაობის სიცოცხლის გადარჩენაში დიდ როლს ასრულებს.
„თბილისის მერიამ ხელი მოაწერა სოლიდარობის ფონდთან თანამშრომლობის მემორანდუმს, რათა კიდევ უფრო მეტად აქტიურად ჩავერთოთ აღნიშნულ საქმიანობაში. თუ აქამდე ჩვენ დაკავებულნი ვიყავით დონაციით და ფონდში გარკვეულ შემოწირულობებს ვახდენდით, ისევე როგორც ვაფინანასებდით ცალკეულ იმ ადამიანებს, რომლებიც შესაძლოა, ვერ ხვდებოდნენ ფონდის დაფინანსების ქვეშ.
ჩვენ დღეიდან მხარს ვუჭერთ, რომ ფონდის მიერ თბილისში ორგანიზებული, ნებისმიერი ღონისძიების ხარჯების თანადაფინანასებაში ჩავერთოთ, რათა ფონდს გამოუთავისუფლდეს რესურსები და პირდაპირ მიმართოს ადამიანებზე, რომლებსაც განსაკუთრებული მზრუნველობა სჭირდებათ“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების პირველი საერთაშორისო ფორუმის პლენარულ სხდომაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და სოლიდარობის ფონდის მიერ 1 წლის განმავლობაში გაწეულ საქმიანობაზე გაამახვილა ყურადღება.
„თბილისის მერია ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშეა სოლიდარობის ფონდის საქმიანობაში. ჩვენ ბოლო 1 წლის განმავლობაში 50 000-მდე განაცხადი მივიღეთ სხვადასხვა კატეგორიის ადამიანებისგან, რომლებსაც ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სფეროში მხარდაჭერა სჭირდებოდათ. თითოეული მათგანი დამუშვდა და 45 000 ადამიანს დავეხმარეთ ერთი წლის განმავლობაში“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
პლენარულ სესიაზე თბილისის მერმა მზადყოფნა გამოთქვა, რომ თბილისი ყოველწლიურად იყოს ისეთი ტიპის ღონისძიებებისა და კონფერენციების მხარდამჭერი, რომელიც მეტი ფინანსების მოზიდვასთან და ფონდის საქმიანობის ხელშეწყობასთან არის დაკავშირებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები