„შეწყალების თემაზე საქმის შეწყვეტის ალბათობას ვერ ვხედავ, ვიღაცას პასუხისმგებლობა აუცილებლად მოუწევს“ – სოფიო ხორგუანი

„ჩვენ არ გვაქვს სამართლებრივ- დემოკრატიულ სახელმწიფოში ცხოვრების კულტურა. საჯარო მოხელეებს წარმოდგენა არ აქვთ, სად არიან. მე მათ ვადანაშაულებ, რომ გააზრებული არ აქვთ საკუთარი ვალდებულებები და პასუხისმგებლობა“ – ასე გამოეხმაურა სამართალმცოდნე და სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე სოფიო ხორგუანი პატიმართა შეწყალების თემაზე ატეხილ ხმაურს პორტალ „კვირას“ პრესკლუბში.
ხორგუანის განცხადებით, თუ შეწყალების კომისიის თავმჯდომარეს გარკეულ ზეწოლასთან დაკავშირებით ინფორმაცია და ფაქტები გააჩნდა, ამის შესახებ ვიღაცისთვის კი არ უნდა ეჩურჩულა, პროკურატურაში ოფიციალური განცხადება უნდა დაეწერა:
„ჩვენ არ გვაქვს სამართლებრივ და დემოკრატიულ სახელმწიფოში ცხოვრების კულტურა. ყველა ის ადამიანი, რომელიც დღეს პატიმართა შეწყალების შესახებ საჯარო განცხადებებს აკეთებს, უშვებს შეცდომას. ისინი არ იქცევიან ისე, როგორც უნდა იქცეოდეს პოლიტიკოსი სამართლებრივ და დემოკრატიულ სახელმწიფოში. ამ ადამიანებმა არ იციან, როგორ უნდა იმოქმედონ სამართლებრივად. როდესაც მე ვარ კომისის წევრი და ვფლობ ინფორმაციას კონკრეტულ დანაშაულზე და ეს ყველაფერი ხდება 1 წლის წინ. სწორედ 1 წლის წინ უნდა გაკეთებულიყო მის შესახებ ოფიციალური განცხადება და შეტანილი ყოფილიყო პროკურატურაში. როცა დანაშაულის შესახებ 1 წლის შემდეგ ვსაუბრობ, ეს მიუთითებს, სახელმწიფო მოხელის პასუხისმგებლობის დონეზე, როგორ აქვს მას გააზრებული საკუთარი ფუნქცია-მოვალეობები“.
როგორც ხორგუანმა „კვირას“ პრესკლუბში აღნიშნა, ფაქტია, რომ შეწყალების კომისიაში ყველაფერი წესრიგში არ არის:
„შეწყალების კომისიისადმი კითხვები არსებობს. ალეკო ელისაშვილი სიმართლეს ამბობს თუ არა, ნებისმიერ შემთხვევაში ჩანს, რომ პრობლემა გვაქვს. დიდი განსხვავება არ არის იმ ადამიანებს შორის, ვინც მესიჯს უგზავნის კომისიის წევრს თუ ხელმძღვანელს და იმ ადამიანს შორის, რომელიც ამ მიღებულ მესიჯს შემდეგ ვიღაცას აჩვენებს და სამართლებრივი გზით არ მიდის. სამართლებრივად ჩემთვის ეს ორი ადამიანი არ განსხვავდება. რაც შეეხება იმას, გაგზავნილი მესიჯი შეიძლება თუ არა შეფასდეს ზეწოლად, დამოკიდებულია როგორც მის შინაარსზე, ისე იმაზე, ვინ წერდა ამ მესიჯს. პროკურატურას ვთხოვ, გამოიძიოს საქმე და ვინც არ უნდა იყოს დამნაშავე, ყველას პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. რაც შეეხება „შეწყალების სკანდალური საქმის“ დასრულებას, სოფო ხორგუანმა აღნიშნა, რომ ის საქმის შეწყვეტის ალბათობას ვერ ხედავს და ნებისმიერ შემთხვევაში, აღნიშნულ საქმეზე ვიღაცას პასუხისმგებლობა აუცილებლად მოუწევს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები