ირაკლი ღარიბაშვილი: ტექნოლოგიების განვითარება ქვეყნისთვის დამატებით სარგებელს ქმნის

კომპანია BitFury-მ გლდანში, თბილისის თავისუფალ ზონაში 40 მეგავატი სიმძლავრის ენერგოეფექტური გაგრილების ინოვაციური სისტემით აღჭურვილი დატა – ცენტრი გახსნა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და კომპანიის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. როგორც პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, მისთვის სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ისეთი ცნობილი კომპანია, როგორიც არის BitFury-ი, ინვესტიციებით შემოვიდა საქართველოში.
მისივე თქმით, კომპანიამ თანაინვესტირების ფონდის თანადგომით 30 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა.
“ეს არის საქართველოში გორის შემდეგ BitFury-ს უკვე მეორე პროექტი. ასეთი ცნობილი კომპანიის საქართველოში შემოსვლა მიანიშნებს იმაზე, რომ ჩვენს ქვეყანაში საინვესტიციო გარემო გაუმჯობესებულია. ეს ჩვენთვის იმედისმომცემია. ჩვენმა მთავრობამ დაიწყო ინვესტიციების წახალისება და ამ მიმართულებით არაერთი ნაბიჯი გადადგა”, – განაცხადა ღარიბაშვილმა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ტექნოლოგიების განვითარება ქვეყნისთვის დამატებით სარგებელს ქმნის.
“თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნა დამატებითი სტიმულს მისცემს სხვა კომპანიებს, რომლებსაც ასევე შეუძლიათ, განახორციელონ ინვესტიციები”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა, რომელმაც კომპანიის ხელმძღვანელობას და პროექტის განხორციელებაში ჩართულ პირებს მადლობა გადაუხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები