დავით უსუფაშვილი ჟან-კლოდ ფრეკონის შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა საქართველოში სამუშაო ვიზიტად მყოფი ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებათა კონგრესის პრეზიდენტი, ჟან-კლოდ ფრეკონი მიიღო.
შეხვედრაზე, რომელიც დეცენტრალიზაციის და თვითმმართველობის რეფორმის საკითხების განხილვას დაეთმო, მხარეებმა ადგილობრივი და რეგიონული მმართველობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, საქართველოს და ევროპის საბჭოს ურთიერთობა წარმატებულად და ნაყოფიერად მიმდინარეობს და ამ თანამშრომლობის ფორმატში ქვეყნისთვის ბევრი სასიკეთო რამ გაკეთდა. რაც შეეხება ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესთან ურთიერთობას, იგი დიდ დახმარებას უწევს ქვეყანას დეცენტრალიზაციის და თვითმმართველობის რეფორმის წარმატებულად განხორციელების საკითხებში.
„საქართველომ დაიწყო რეალური დეცენტრალიზაცია, რომელსაც ფინანსური და ეკონომიკური საფუძვლების შექმნაც მოჰყვება. ქვეყანას უკვე 71 არჩეული მერი და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი ჰყავს, მაშინ, როცა მხოლოდ დედაქალაქს მართავდა არჩეული მერი. ხელშეკრულება, რომლის ხელმოსაწერადაც ევროპელი სტუმარი ეწვია საქართველოს, პარლამენტისთვის ერთ-ერთ სახელმძღვანელოდ იქცევა, რაც საკანონმდებლო ორგანოს მუშაობას სხვადასხვა მიმართულებით მნიშვნელოვნად დაეხმარება“,-განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
ჟან-კლოდ ფრეკონიმ დეცენტრალიზაციის პროცესზე საუბრისას, მაგალითად, საფრანგეთის მოდელი მოიყვანა და აღნიშნულ პროცესს ვრცელი და შრომატევადი უწოდა. მისი განცხადებით, ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის თანამშრომლობა საქართველოსთან წარმატებულად მიმდინარეობს, რასაც მოწმობს მონიტორინგის პროცესის დასრულება და პოსტმონიტორინგის რეჟიმში გადასვლა. მისივე შეფასებით, ROAD MAP-ის ხელშეკრულება, რომელიც ამ დღეებში გაფორმდება ქართულ მხარესთან, საკმაოდ თხელი დოკუმენტია, რადგან ქვეყანამ კანონმდებლობის დონეზე უმეტესი რეკომენდაცია უკვე მიიღო და მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობით განახორციელა კიდეც.
„ჩვენ მზად ვართ, ყველა შესაძლო გზით დავეხმაროთ საქართველოს ამ პროცესების წარმატებულად განხორციელებაში და ასევე ჩვენი წვლილი შევიტანოთ ქვეყნის ერთიანობის შენარჩუნების საქმეშიც. ჩვენ ვგმობთ ყველანაირ ოკუპაციას, ევროპის საბჭოს ყველა ხელმომწერი ქვეყნის საზღვარი პატივისცემის ღირსია“, – განაცხადა კონგრესის პრეზიდენტმა.
ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებათა კონგრესი პან-ევროპული ასამბლეაა, რომელიც ხელს უწყობს ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებას, თვითმმართველობის საქმიანობის გაუმჯობესებას და ხელისუფლების უფლებამოსილების გაზრდას. კონგრესი აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან. შესაბამისად, მომზადდა ე.წ. Road Map, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონული მიმართულებით თანამშრომლობის გააქტიურებას. აღნიშნულ ხელშეკრულებას ჟან-კლოდ ფრეკონი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ნოდარ ჯავახიშვილი მოაწერენ ხელს და ამით საქართველო, პორტუგალიის და უკრაინის შემდეგ, გახდება მესამე ქვეყანა, ვისაც მსგავსი დოკუმენტი ექნება გაფორმებული ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები