ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფორმატში შეხვედრა მიმდინარეობს
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფორმატში 61-ე შეხვედრა მიმდინარეობს. უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის ირაკლი ბერაიას განცხადებით, ბოლო შეხვედრიდან დღემდე ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებმა ხუთი ადამიანი დააკავეს და ამ დროისთვის ხუთივე მათგანი გათავისუფლებულია.
მისივე ინფორმაციით, ცხინვალის მილიციის იზოლატორში ორი პირი რჩება, რომლებიც აპრილსა და ნოემბერში დააკავეს. ერთ-ერთ მათგანს ერთწლიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული, მეორე დაკავებული დვანის მცხოვრებელი ქრისტესიაშვილია, რომელიც ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის მეორედ არის დაკავებული, ჯერჯერობით მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება ცხინვალში არ მიუღიათ. ქართული მხარე დღევანდელ შეხვედრაზე მავთულხლართებისა და ღობეების უკანონოდ აღმართვის საკითხს და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტებს გააპროტესტებს.