ოკუპირებულ აფხაზეთში მესანგრეთა წვრთნები მიმდინარეობს
ოკუპირებულ აფხაზეთში დისლოცირებული საინჟინრი-მესანგრეთა 100-მდე სამხედრო მოსამსახურე გუდაუთის და ცაბალის პოლიგონებზე წვრთნებს მართავს. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება. წვრთნების დროს მესანგრეები აფეთქებებს მოაწყობენ და ახალ საბრძოლო ტექნიკას დაეუფლებიან.
„განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება უკონტაქტო, „კორშუნის“ ტიპის ნაღმსაძიებლის ათვისებაზე, რომელიც 30 მეტრის დისტანციაზე ასაფეთქებელი მოწყობილობების აღმოჩენის საშუალებას იძლევა როგორც გრუნტში, ასევე თოვლში და სხვადასხვა კონსტრუქციაში“, – განუცხადეს „სპუტნიკს“ რუსეთის საოკუპაციო ძალებში.
საბრძოლო მომზადების დროს მესანგრეები ხიდების აფეთქების წვრთნებს ატარებენ, ასევე საცეცხლე და ელექტრომეთოდით ასაფეთქებელი მოწყობილობების განადგურებაში ვარჯიშობენ. აფეთქებების გზით სანგრების და თხრილების მშენებლობის მომზადებაც მიმდინარეობს.