მანანა კობახიძე მის წინააღმდეგ გამოთქმულ ყველა ცრუ ბრალდებაზე სასამართლოს მიმართავს

პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ პროკურატურას ჩვენება მოწმის სტატუსით მისცა. მანანა კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ 12 დეკემბერს, საკუთარი ინიციატივით, მთავარ პროკურორს ირაკლი შოთაძეს დაუკავშირდა და პროკურატურაში მისვლისა და მათთვის საინტერესო ინფორმაციის მიწოდების სურვილი გამოთქვა. ვიცე-სპიკერის განმარტებით, მის წინააღმდეგ გამოთქმულ ყველა ცრუ ბრალდებაზე სასამართლოს მიმართავს. კობახიძემ ე.წ. კოკაინის საქმეზე და მასთან დაკავშირებულ პროცესზე ვრცელი განმარტება გააკეთა. მათ შორის საქმეში მსჯავრდებული პირების შეწყალებასთან დაკავშირებით.
“რა თქმა უნდა, განაჩენში წერია, რომ ისინი დამნაშავეები არიან, მაგრამ ეს განაჩენი გამოტანილია “სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის” უხეში დარღვევით, ძალიან ბევრი სამართლებრივი კითხვა პასუხგაუცემელია. ეს ხალხი მაშინვე ითხოვდა არა შეწყალებას, არამედ გამართლებას. ამისთვის ვაგზავნიდით საჩივარს, მათ შორის ევროპის სასამართლოში. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ამ ხალხს გაუჩნდათ მოლოდინი იმისა, რომ ახალი ხელისუფლება საქმეს ახლად აღმოჩენილი გარემოებების საფუძველზე და მოწმეთა წამების ფაქტებზე დაყრდნობით გადახედავდა. მოწმეებთან საპროცესო შეთანხმებები სწორედ წამებით აღიარებული ჩვენების ფასად გაფორმდა. იმის გამო, რომ პროცესი საკმაოდ გაჭიანურდა, ადამიანები დღესაც თავს სრულიად უდანაშაულოდ თვლიან. მათი მხრიდან ერთადერთი გამოსავალი შეწყალება იყო, რომლის მოთხოვნის უფლება პატიმარს ყოველთვის აქვს. მათ ამ უფლებით ისარგებლეს და აქ კითხვის ნიშნების დასმა სრულიად არარელევენტურია”, – აცხადებს მანანა კობახიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები