პატიმართა გარკვეული კატეგორიისთვის მნახველთა წრე ფართოვდება

“არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესის და პრობაციის შესახებ” კანონში ცვლილება შედის, რომლის მიხედვითაც მსჯავრდებულთა გარკვეული კატეგორიისთვის ხანმოკლე პაემნის ფარგლებში მნახველ პირთა წრე ფართოვდება.
ცვლილებების შინაარსის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა ისაუბრა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ცვლილება იმ მსჯავრდებულებს შეეხებათ, რომლებიც თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებებში არიან მოთავსებულები და შაბათ-კვირას სახლში გასვლის უფლებით სარგებლობენ.
“როგორც იცით, ჩვენ გვაქვს თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულება, სადაც მსჯავრდებულებს შაბათ-კვირას სახლში გასვლის საშუალება ეძლევათ. მათთვის ფართოვდება ხანმოკლე პაემანზე მიმსვლელთა წრე და ახლა უკვე გარდა მშობელისა და მეუღლისა, მსჯავრდებულების მონახულების საშუალება უფრო ფართო წრეს ეძლევა”, – განაცხადა კახიშვილმა.
ამასთან, მინისტრის თქმით, აღნიშნული კატეგორიის მსჯავრდებულები დაწესებულებას ბადრაგის გარეშე, საკუთარი ფეხით დატოვებენ, თუმცა მათ ორი დღის ვადაში უკან დაბრუნების ვალდებულება ექნება.
“მოგეხსენებათ, სასჯელაღსრულებების დაწესებულებებიდან თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებებში პატიმრების გადაყვანის ფუნქციას დღეს ასრულებს ბადრაგი ანუ თუ კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებული გადაყვანილ იქნას თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში, მის ეტაპირებას ახდენს საბადრაგო სამსახური, მაგრამ, ამავდროულად, ეს არსად არ არის რეგულირებული. ჩვენ ვცვლით ადამიანის მიმართ მიდგომებს, რომელზეც თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში გადაყვანის თაობაზე იქნება მიღებული გადაწყვეტილება – მას გაათავისუფლებენ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან, წავა თავისი ფეხით, ყოველგვარი ბადრაგის გარეშე და ორი დღის ვადაში ექნება უკან დაბრუნების ვალდებულება”, – აღნიშნა სასჯელაღსრულების მინისტრმა.
რაც შეეხება უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, მისი ინფორმაციით, მათთან მიმართებაში კანონში არსებული კოლიზია გასწორდება და ისინი დეპორტირებას დაექვემდებარებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები