დიმიტრი ქუმსიშვილი: საქართველო მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა

ტურიზმის განვითარების ხელშეწყობისთვის საქართველოსა და ჩინეთს შორის ერთობლივი სამუშაო ჯგუფი შეიქმნება
საქართველო ჩინეთთან ერთობლივ სამუშაო ჯგუფს შექმნის. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და ჩინეთის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ლი ძინ ტაომ პეკინში გამართული შეხვედრის დროს მიიღეს. სამუშაო ჯგუფმა ის ხელისშემშლელი მიზეზები უნდა გამოავლინოს, რომლებიც საქართველოში ჩინელი ტურისტების ჩამოყვანის მიმართულებით არსებობს. სამუშაო ჯგუფს საქართველოს მხრიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე უხელმძღვანელებს.
დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინეთის ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს დეტალურად გააცნო ინფორმაცია საქართველოს ტურიზმის განვითარების სტრატეგიისა და აღნიშნულ დოკუმენტში დასმული ამოცანების შესახებ.
კერძოდ, სტრატეგიის თანახმად, საქართველოში 2025 წლისათვის 11 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი უნდა შემოვიდეს და ამ რიცხვში მნიშვნელოვანი წილი ჩინეთიდან ჩამოსულმა ტურისტებმა უნდა შეადგინონ.
საქართველოს ტურისტული პოტენციალის თაობაზე საუბრისას, დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ საქართველო მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა.
ვიზიტის ფარგლებში, დიმიტრი ქუმსიშვილი ასევე შეხვდა ჩინეთის წამყვანი ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებს. მათთვის საქართველოს ტურისტული შესაძლებლობების შესახებ პრეზენტაცია სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ გააკეთა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები