უჩა ნანუაშვილმა 2015 წლის ანგარიში წარადგინა

სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა 2015 წლის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის შესახებ ანგარიში დიპლომატიურ კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს წარუდგინა.
უჩა ნანუაშვილის ანგარიშში ნათქვამია, რომ 2015 წელს პატიმრობის კოდექსში განხორციელდა ცვლილება, რომლის თანახმადაც, სახალხო დამცველს პენიტენციურ დაწესებულებებში ფოტოგადაღების უფლება მიეცემა.
„სახალხო დამცველი მიესალმება 2015 წელს პატიმრობის კოდექსში განხორციელებულ ცვლილებას, რომლის თანახმად, 2016 წლის 1 სექტემბრიდან საქართველოს სახალხო დამცველს/სპეციალურ პრევენციულ ჯგუფს პენიტენციურ დაწესებულებებში ფოტოგადაღების უფლება მიეცემა.
მიუხედავად იმისა, რომ პატიმართა წამება და არასათანადო მოპყრობის ფაქტები მთავარ გამოწვევას აღარ წარმოადგენს, წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის შესახებ მსჯავრდებულთა ათასობით საჩივარი კვლავ გამოძიების რეჟიმშია და ერთეული საქმეების გარდა, შედეგი ადამიანის უფლებათა ამ სისტემური დარღვევის ფაქტებზე არ დამდგარა. პრობლემურია დაკავებისას და დაკავების შემდგომ პოლიციის თანამშრომლების მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენება. სამწუხაროდ, ამ კუთხით არაეფექტურია საქართველოს პროკურატურის საქმიანობა და სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს უმოკლეს ვადებში დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის აუცილებლობას, რომელიც სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან, მათ შორის, პენიტენციურ დაწესებულებებში, წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტებს გამოიძიებს.
არაერთი დაპატიმრებული ყოფილი თანამდებობის პირის მიმართაც წინასწარი პატიმრობის არაჯეროვანი გამოყენება ქმნიდა სამართლის შერჩევითად გამოყენების ნიშნებს. ამ მხრივ საგულისხმოა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პროგრესული და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“,- აღნიშნულია ანგარიშში.
უჩა ნანუაშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში პრობლემად რჩება გენდერული თანასწორობის მიღწევა; კერძოდ, დაბალია ქალთა პოლიტიკური და ეკონომიკური აქტივობა.
ანგარიშში დადებითად არის შეფასებული საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქართველოს მოქალაქეების უჩა ნანუაშვილისა და მიხეილ შარაშიძის საკონსტიტუციო სარჩელის დაკმაყოფილება, რის შედეგადაც სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს საარჩევნო კოდექსის ის ნორმები, რომლებიც 73 ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის განსაზღვრის წესს ადგენდა.
ღონისძიებაზე ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით გადადგმული ნაბიჯები მიმოიხილა. განსაკუთრებით ხაზი გაუსვა საკანონმდებლო ხარვეზების აღმოფხვრისთვის მიმდინარე პროცესს და მათ შორის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში შეტანილ ლიბერალურ ცვლილებებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები