ქანთარია რატიანს: იმდენი არაფერი გეტკინოთ, რომ თქვენ მოხვალთ და ჩვენ წავალთ ხელისუფლებიდან

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მოთხოვნის შესაბამისად, პარლამენტში, “რუსთავი 2”-ის შესახებ რეზოლუციაზე კენჭისყრა გადაიდო, თუმცა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღევანდელი სხდომა დებატების ფონზე მიმდინარეობდა.
პოზიციამ და ოპოზიციამ ტელეკომპანიის მხარდამჭერების შესახებ, რომელთაც პატიმრობა მიესაჯათ, საკუთარი აზრი დააფიქსირეს. „არ მსიამოვნებს, რომ ჩვენს კოლეგას პიჯაკი დაუზიანდა, მაგრამ ამისათვის ადამიანის ციხეში მიყვანა, პატიმრობის გამოცხადება, ეს არის ის ადეკვატური სასჯელი, რაც შეიძლება იყოს იმ ადამიანებისთვის, რომელთაც შეიძლება მცირე გადაცდომა ჰქონდეთ?“ – განაცხადა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა.
საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელის სერგო რატიანის აზრით, მმართველი გუნდის ხელისუფლებიდან წასვლა გარდაუვალია. “თქვენი წასვლა ხელისუფლებიდან გარდაუვალია,” – განაცხადა სერგო რატიანმა.
რატიანის მიმართვას „ქართული ოცნების“ წევრი, ნუკრი ქანთარია გამოეხმაურა.
“იმდენი არაფერი გეტკინოთ, სერგო, გენაცვალე, რომ თქვენ მოხვალთ და ჩვენ წავალთ ხელისუფლებიდან. რომელია თქვენთვის მთავარი, ახალგაზრდების გამოშვება თუ მათი გამოყენება და შეწირვა, რომ ისინი შეეწირნენ ვითომ „რუსთავი 2“-ის მართალ სიტყვას და მერე რას ეუბნებით მათ ოჯახებს, რომ ვითომ ძეგლი უნდა დაუდგათ “რუსთავი 2”-ის ეზოში“, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.
მმართველი გუნდის წარმომადგენლის გიორგი ვოლსკის თქმით, სიტუაცია მაშინ გამწვავდა, როდესაც წამების ამსახველი კადრები გამოჩნდა ეკრანებზე.
„განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა სიტუაცია, რაც კადრები გამოჩნდა ეკრანებზე, როდესაც ადამიანებს ბოთლით აუპატიურებენ, ეს არის სახე“,- განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები